საუდის არაბეთი და რუსეთი გაერთიანდნენ, რათა მოაგვარონ OPEC-ის მიერ მიღწეული შეთანხმების პირობების დაცვის პრობლემა ყველა მონაწილე ქვეყნის მიერ. საქმე ეხება ნავთობმწარმოებლების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი თვის მანძილზე ეს ქვეყნები ნავთობის წარმოებას შეამცირებენ, რათა გლობალურ ბაზარზე დააბალანსონ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი.
მას შემდეგ რაც ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ ანგოლა, ერაყი, ყაზახეთი და ნიგერია არ ამცირებენ წარმოებას იმ რაოდენობით, რისი პირობაც დადეს. ყველაზე მკაცრად პირობები ოფიციალურმა ბაღდადმა დაარღვია. აკადემიკოსები ამ პრობლემას „free rider”-პრობლემას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთრი წვლილის შეტანის გარეშე ვიღაცები სარგებელს იღებენ სხვების მცდელობებით. OPEC-ში კი ამ პრობლემას „პინოქიოს“ პრობლემას უწოდებენ.
საუდის არაბეთი დიდი ხანია ნავთობმწარმოებელთა ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს აიღონ საკუთარი ტვირთი შექმნილ ვითარებაში. ამ პროცესში ახლა რუსეთიც უერთდება საუდის არაბეთს.
“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ბაზარი ჯერ კიდევ მყიფეა და საჭიროებს გადამწყვეტ ზომებს. ამიტომაც ახლა ისე როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ 100%-იანი ერთიანობა“, – განაცხადა “OPEC+“-ის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ალექსანდერ ნოვაკმა.
საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მან არამხოლოდ მოუწოდა ქვეყნებს შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულება, არამედ შეთანხმების დამრღვევებს “წარსული ცოდვებისთვის“ კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. კომპენსაციის სახით კი დამრღვევებს ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოუწევთ დაგეგმილზე მეტით შეამცირონ ნავთობის წარმოება, რათა გასული ორი თვის დარღვეული პირობა აანაზღაურონ.
დამრღვევებს შორის ერაყი უარს აცხადებს კომპენსაციის იდეის გათვალისწინებაზე.
გასული კვირის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე მიღებული საბოლოო კომუნიკე, რომელიც OPEC-ის ისტორიაში პირველად მოიცავდა კომპენსაციის შინაარს, საუდის არაბეთის პრინც აბდულაზიზის პირად მოთხოვნას წარმოადგენდა. შესაძლოა, ამ კომუნიკეს ხელი მოაწერა ყველა ქვეყანამ, თუმცა, რამდენად განხორციელდება ის, ბუნდოვანია, ვინაიდან მოსკოვსა და ელ-რიადს მისი აღსრულების მყარი და მკაფიო მექანიზმი არ გააჩნიათ. თუ ბაღდადი ისევ დაარღვევს პირობას, მაშინ საუდის არაბეთს და რუსეთს ისღა დარჩენიათ ფასების ომი დაიწყონ და ასე დასაჯონ ერაყი.