არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს, – ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, ბრალდების შესახებ დადგენილების, საქმეში არსებული ფაქტებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:
o სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
o თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
o მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.
“ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.
საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.
ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.
საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას”, – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ექსპერტის შერჩევის პროცესი და მეთოდოლოგია
2019 წლის ნოემბერში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ გამოაცხადა საერთაშორისო ღია კონკურსი ფულის გათეთრების ექსპერტი იურისტის ასარჩევად. სამუშაოს აღწერილობა მოიცავდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული
სისხლისსამართლებრივი დევნის შეფასებას და იმის დადგენას, თუ რამდენად შეიცავდა მათ მიერ 2008 წელს განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები ფულის გათეთრების ელემენტებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კონკურსის შედეგად, 2020 წლის იანვარში შერჩეული იქნა ქ-ნი პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი (სიდნეი, ავსტრალია) 30 წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
მას გადაეცა საქმის ყველა მასალა ინგლისურ ენაზე, და ასევე იგი იმყოფებოდა საქართველოში 2020 წლის ოთხიდან შვიდი თებერვლის ჩათვლით, სადაც შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიაწოდეს მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა.