ირლანდიას გადასახადებს აზრდევინებენ

ირლანდიას გადასახადებს აზრდევინებენ

ირ­ლან­დი­ის მთავ­რო­ბა შეუერთდა OECD–ის საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებას, რომლის მიზანია, გლობალური ეკონომიკის დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელდეს საერთაშორისო საგადასახადო წესების უნიფიცირება. ირლანდიისთვის ამ შეთანხმების ხელმოწერა გულისხმობს ქვეყნის 12.5%–იანი კორპორაციული გადასახადის განაკვეთის აწევას 15%-ზე.

თავდაპირველად, მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, ირლანდია შეშფოთებას გამოხატავდა „მინიმუმ 15%“ განაკვეთის უნიფიცირებაზე, რადგან მიაჩნდა, რომ აწეული საგადასახადო განაკვეთი ქვეყნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოლიტიკის კომპრომეტირებას მოახდენდა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერისა და ირლანდიის ფინანსთა მინისტრ პასკალ დონოჰიუს შორის აქტიური მოლაპარაკებების შემდგომ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ირლანდიის პოზიციის ევოლუციას, რაც გამოიხატება შეთანხმების მიღწევაში, შეუერთდეს 15%-იანი დაბეგვრის ერთიან სისტემას.

აღნიშნული შეთანხმება შეიცავს ორ მთავარ კომპონენტს, რომლის პირველი კომპონენტის თანახმად, მოგების ნაწილი მომხმარებლის იურისდიქციაში გადანაწილდება, ხოლო მეორე კომპონენტის მიხედვით, მიღებული იქნება ახალი გლობალურად უნიფიცირებული მინიმალური მოგების გადასახადი, რომელიც გამოიყენება იმ ტრანსნაციონალური კომპანიების მიმართ, რომელთა გლობალური შემოსავლები 750 მილიონ ევროს აღემატება.

კერძოდ, შეთანხმების თანახმად:

  • 15%–იანი გლობალური მინიმალური ეფექტური კორპორაციული გადასახადი ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალი აღემატება 750 მილიონ ევროს;
  • არ შეიცვლება 12.5%–იანი განაკვეთი ბიზნესისთვის, რომლის შემოსავლები 750 მილიონ ევროზე ნაკლებია.

ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა, პასკალ დონოჰიუმ, თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმება საგადასახადო სისტემას კვლავ მისცემს საშუალებას ინოვაციებისა და ზრდის მხარდასაჭერად, მათ შორის, R&D საგადასახადო კრედიტების (Research and Development (R&D) Tax Credit) გამოყენებით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმებასთან შეერთების დისკუსიის დროს, ირლანდიისთვის მნიშვნელოვანი იყო პროცესის მიღმა დარჩენის ალტერნატივის განხილვაც. „პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ირლანდია არის პატარა ღია ეკონომიკა, რომელიც უაღრესად არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან და G20-ის ბევრ წევრ სახელმწიფოსთან, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია. ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის, ვაჭრობისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, ამიტომ აუცილებელია, რომ ირლანდიამ განაგრძოს ძირითად საერთაშორისო შეთანხმებებთან მიერთება, განსაკუთრებით ისეთებთან, რომელთაც, სავარაუდოდ, 140 ქვეყნის მხარდაჭერა ექნება. მეორე – თუ ირლანდია არ იქნება ამ შეთანხმების ნაწილი, ჩვენ დავკარგავთ შესაძლებლობას, მივიღოთ მონაწილეობა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა გაიმართოს.

მესამე – შეთანხმებასთან არმიერთება გამოიწვევს ერთგვარ გაურკვევლობას.

ბოლოს და კრიტიკულად უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური მინიმალური გადასახადის დიზაინი ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს დამატებითი გადასახადი ტრანსნაციონალური საწარმოს შვილობილი კომპანიისთვის, რომელიც დაიბეგრება მინიმალური ეფექტური განაკვეთის ქვემოთ. თუ ირლანდია არ შეუერთდება გლობა­ლურ მინიმალურ ეფექტურ საგადასახადო სისტემას, ეს ნიშნავს, რომ სხვა იურისდიქცია მიიღებს ამ გადასახადებს. ასე რომ, შეთანხმებაში არგაწევრება გამოიწვევს არა მხოლოდ რეპუტაციის რისკებს, არამედ ეკონომიკურ და ფისკალურ ზიანს.

მე მჯერა, რომ ასეთ ისტორიულ საერთაშორისო შეთანხმებაში ყოფნის დადებითი მხარე ბევრად აღემატება გარეთ დარჩენის უარყოფით მხარეებს. ეს უაღრესად რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე მჯერა, რომ სწორია“, – განაცხადა ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა, პასკალ დონოჰიუმ.

ახალი კორპორაციული გადასახადი 15%-იანი განაკვეთით შეეხება ირლანდიაში მომუშავე 56 მსხვილ ირლანდიურ კომპანიას, რადგან მათი წლიური შემოსავლები აღემატება 750 მილიონ ევროს, სადაც დასაქმებულია 100,000 ადამიანი და აგრეთვე 1,500 ტრანსნაციონალურ კომპანიას, რომლებიც მოღვაწეობენ ირლანდიაში და დასაქმებული ჰყავთ 400,000 ირლანდიელი. ეს ახალი საგადასახადო განაკვეთი არ შეეხება ირლანდიაში მომუშავე 160.000 კომპანიას, სადაც დასაქმებულია 1.8 მილიონი ადამიანი – მათ შეუნარჩუნდებათ 12.5%- იანი კორპორაციული გადასახადი, რადგან მათი წლიური შემოსავლები არ აღემატება 750 მილიონ ევროს.

ირლანდია იმედოვნებს, რომ ახალ საგადასახადო ხელშეკრულებასთან მიერთება, რომელიც ინიცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ტარდება OECD-ის ქოლგის ქვეშ, არ დააზიანებს ირლანდიის საინვესტიციო იმიჯს, რომელიც მიჩნეულია ინვესტირებისა და გლობალური კომპანიების განთავსებისთვის მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ადგილად, რადგან დაბალი საგადასახადო სისტემის გარდა ირლანდიას აქვს ბიზნესის მოზიდვის გონივრული პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის განათლებულ მუშახელს, სახელმწიფოს მხარდაჭერას, გახსნილობას, წვდომას ევროკავშირისა და სხვა ბაზრებზე.

გლობალური საგადასახადო განაკვეთი ძალაში შედის 2023 წლიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *