Agrolabs - 500 Georgia-ს კიდევ ერთი გამარჯვებული სტარტაპი

Agrolabs - 500 Georgia-ს კიდევ ერთი გამარჯვებული სტარტაპი

თუკი რომელიმე დარგში გაციფრულების შედეგის თვალნათლივ დანახვაა შესაძლებელი, ალბათ ერთ-ერთი ასეთი დარგი აუცილებლად სოფლის მეურნეობა და აგრარული მიმართულებაა. მექანიზაციამ და დისტანციურმა მართვამ ადამიანის შრომა დიდი ხნის წინ ჩაანაცვლა, ადამიანის დრო და ყურადღება კი ტექნოლოგიებმა დაზოგა. თუმცა იმისთვის, რომ მცენარის განვითარების მონიტორინგი აკონტროლო, გამართული და სრულყოფილი პროგრამა გესაჭიროება. სწორედ აქ სთავაზობს ბაზარს საკუთარ სერვისს Agrolabs. მისი მეშვეობით ყოველდღიური რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია და გაციფრულებაა შესაძლებელი. მაგალითად, მათი IoT სენსორები სპეციალურად სათბურისთვისაა შექმნილი, რომელსაც ალგორითმი მართავს და მცენარეებისგან მიღებულ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში აანალიზებს, შედეგად შეგიძლიათ ყოველდღე უყუროთ მცენარის განვითარების პროცესს. ასეთი სისტემის აწყობა მარტივი არაა, ფაქტობრივად მომხმარებელზე მორგება და ცვლილებების შეტანა ყოველდღიურ რეჟიმშია საჭირო. 500 Startup-ის აქსელერაციის პროგრამა Agrolabs-ის გუნდს სწორედ შესაბამისი მიდგომებისა და ხედვების შერჩევაში დაეხმარა. მიღწეული პროგრესის გამო კი ის გახდა კიდეც აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული. კომპანია ახლა უკვე ლოკალურიდან გლობალურ ბიზნესად შეეცდება გარდაქმნას, რაშიც ლომის წილი სწორედ ტოპ აქსელერატორის მენტორებმა შეიტანეს. პროგრამის მიმდინარეობაზე და მთავარ „გაკვეთილებზე“ Agrolabs-ის თანადამფუძნებელი, მიხაელ ლაზარენკო გვესაუბრა.

გაკვეთილი 1 – იმოქმედე რაც შეიძლება სწრაფად

თითქმის 4 თვიან დაუღალავ შრომას უქმად არ ჩაუვლია. ეს პერიოდი ფაქტობრივად მუდმივად ვცდილობთ დავდოთ კონკრეტული შედეგი, რაც მრავალჯერადი ტესტირებისა და მუდმივი მცდელობების გარეშე წარმოუდგენელია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 4 თვე Agrolabs-ის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლებით გამოირჩევა. პირველ რიგში მენტორებისგან ვისწავლეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მუშაობის ტემპებს და გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას. ეს ფაქტობრივად ყველაფერში გამოვლინდა. მივხვდით, რომ მარკეტინგული გეგმის რამდენიმე კვირიან დაგეგმვას დიდი აზრი არ აქვს, მთავარი სწრაფი ტემპებით ექსპერიმენტების ჩატარებაა, სწორედ ეს მუშაობს რეალურად ყველაზე კარგად. სტარტაპებს ბევრი ფიქრის და მეორე შანსი ფუფუნება ნამდვილად არ აქვთ, ამიტომ პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს სწრაფი მოქმედებაა. არასდროს შეგეშინდეთ ბევრი ექსპერიმენტის, რეალური შედეგი მხოლოდ ამ მიდგომას მოაქვს.

გაკვეთილი 2 – დაისახე ამბიციური, თუმცა გაზომვადი მიზნები

პროგრამის განმავლობაში მივხვდით, თუ როგორი მნიშვნელოვანია ისეთი მიზნების დასახვა, რომლის გაზომვასაც მარტივად შეძლებ. ჩვენ მოვახერხეთ იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგი მოიტანა კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძალიან პროდუქტიული გამოდგა. ახლა გაცილებით მარტივად შეგვიძლია გავარჩიოთ როგორია რეალურად სარგებლის მომტანი ქცევა და როგორია უბრალოდ „არაფრის მომცემი ხმაური“. გარდა ამისა, თუ სასურველ შედეგს ვერ აღწევ, ეს უკეთ მობილიზაციაში გეხმარება, უფრო მარტივია ხედავდე და აღწევდე შენს კონკრეტულ მიზანს, ვიდრე ბრმად დგამდე ნაბიჯებს.

გაკვეთილი 3 – შეაფასე კამპანიის პერფორმანსი და გააანალიზე მომხმარებლის ქცევა

პროგრამის დასაწყისში ძალიან ბევრი ცრურწმენის გვჯეროდა საკუთარი მომხმარებლის ქცევის შესახებ. მენტორების წყალობით შევძელით ზუსტად განგვესაზღვრა, თუ როგორია ჩვენი User Persona და რეალურად როგორ მოქმედებს ის. აქამდე არასდროს დაგვიტრეკავს კამპანიის პერფორმანსი. 500 Startup-მა უამრავი საჭირო სამუშაო ჩარჩო მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ჩვენს ქმედებებს და გავაანალიზოთ კონკრეტული შედეგები. ვიყენებთ ე.წ Cold Email-ის ტექნიკას, რის შემდეგაც ჩვენი მომხმარებლის ქცევის შესახებ წარმოდგენები ძალიან შეიცვალა. ახლა გვაქვს რეალური სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი „Subject“ მუშაობს ელ.ფოსტის გაგზავნისას ყველაზე კარგად და რა ტიპის კონტენტით უნდა შევავსოთ შეტყობინება, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის  ორი გამარჯვებული დაასახელა. ესენი არიან:  PAYZE და  Agrolabs.  მანამდე კი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5-მა  სტარტაპმა, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიცია მიიღო. თუმცა მათგან ორმა  მოიპოვა საგზური Silicon Valley-ში immersion program – ში  მონაწილეობისთვის.  რაც შეეხება თავად 500 Georgia-ას საქართველოში განხორციელებას, $3 მილიონზე მეტი შემოსავალი, დამატებით 161 000 მომხმარებელი, $4.6 მილიონის ინვესტიცია, 227 სამუშაო ადგილი და 87 პარტნიორობა- ასეთია პროექტის პირველი და მეორე ნაკადის ფარგლებში მონაწილე სტარტაპების შედეგები.