საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 582 995 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში).
2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს აგვისტოში 3-ჯერ (603 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 2.4-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით არის შემცირებული. 2019 წლის აგვისტოში 447 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის აგვისტოში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 171 ათასით მეტი იყო.
მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 213 261 რუსეთიდან შემოვიდა, რაც 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. წელს აგვისტოში რუსეთიდან 5 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტოში. სომხეთიდან 138 471 ვიზიტორი შემოვიდა, თურქეთიდან 103 548.
რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 155%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 209%-ით გაიზარდა. რვა თვეში საქართველოში ჩამოვიდა 3.3 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც ტურისტი 2.3 მლნ იყო.
10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა