დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი „ამეკა“ შექმნა, რომელსაც მართალია, რეალისტური თმა და კანი არა აქვს, თუმცა სახის გამომეტყველებას ადამიანის მსგავსად იცვლის. მწარმოებელმა ვიდეო, რომელშიც მოწყობილობა საკუთარ შესაძლებლობებს ავლენს, იუტუბის არხზე გამოაქვეყნა.
ვიდეო „ამეკას“ გამოღვიძებით იწყება. თვალების გახელისას მის სახეზე დაბნეულობა და იმედგაცრუება იკითხება. მას შემდეგ, რაც ჰუმანოიდი რობოტი საკუთარ ხელებს დახედავს, ის პირს აღებს, წარბებს მაღლა სწევს და ამ გზით გაოცებას გამოხატავს. მომდევნო ჯერზე „ამეკა“ მოულოდნელობით გამოწვეულ სახის გამომეტყველებას იღებს, ვიდეოს ბოლო მონაკვეთში კი კამერას, შესაბამისად მაყურებელს უღიმის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით „ამეკას“ კომპანია Boston Dynamics-ის რობოტების მსგავსად გადაადგილება და სხვადასხვა მანევრის, მათ შორის პარკურის ილეთების შესრულება არ შეუძლია. Engineered Arts-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მომავალში ჰუმანოიდი რობოტისთვის სიარულის უნარის დამატებას განიხილავენ. რაც შეეხება იმას, მუშაობს თუ არა „ამეკა“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მწარმოებელთა განმარტებით, მათი მოწყობილობა ამ ეტაპზე მხოლოდ ულტრარეალისტურ სხეულებს უმკლავდება. ისინი ხელოვნური ინტელექტის დამატების შესაძლებლობას დეველოპერებს უტოვებენ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ეღირება Engineered Arts-ის ახალი ჰუმანოიდი რობოტი, ან როდიდან იქნება მისი შეძენა ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, ბრიტანული კომპანიის მიერ გამოშვებული RoboThespian-ის სერიის საბაზისო მოდელების ფასი 2018 წელს 79 ათასი აშშ დოლარიდან იწყებოდა. აღსანიშნავია, რომ Engineered Arts-ი საზოგადოებისთვის „ამეკას“ ოფიციალურად წარდგენას მომავალი წლის იანვარში აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში დაგეგმილ გამოფენაზე, CES 2022-ზე აპირებს.