თავისუფალ დროს წამოწყებულმა პროექტმა სტენფორდის პროფესორი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რიგებში ჩააყენა.
ვუწოდოთ მათ შეძლებული პედაგოგები: პეტ ჰანრაჰანი ივნისში სტენფორდის უნივერსიტეტის მეორე მილიარდერი პროფესორი მას შემდეგ გახდა, რაც მონაცემთა ვიზუალიზაციის კომპანია Tableau Software-ის (რომლის თანადამაარსებელიც პროფესორი ჰანრაჰანია) აქციებმა ახალ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჰანრაჰანი, Tableau-ს უდიდესი ინდივიდუალური მეწილე, ბიზნესს თავისი დროის მხოლოდ 20%-ს უთმობს. დანარჩენი დროის ხარჯვა მას სილიკონის ველზე კომპიუტერული გრაფიკის სწავლებაზე ურჩევნია.
Tableau კვლევის პროდუქტია, რომელიც დიდი მონაცემთა ბაზების ანალიზს ეხებოდა. ამ კვლევას ჰანრაჰანი წინა ათწლეულში, დოქტორანტ კრის სტოლტთან ერთად ახორციელებდა. ჰანრაჰანს ციფრული გრაფიკის დიდი სტაჟიც ჰქონდა: ის Pixar-ის დაარსებისას პირველ თანამშრომლებს შორის იყო და 3D ანიმაციის პროგრამის, RenderMan-ის შექმნაში მონაწილეობდა, რომელიც შემდეგ “სათამაშოების ისტორიაში”, “ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში და კიდევ ბევრგან იყო გამოყენებული.
ჰანრაჰანმა, სტოლტმა და სტენფორდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულმა კრისტიან ჩებოტმა Tableau Stanford-ისგან 2003-ში გამოყვეს და კომპანიის სათავო ოფისი სიეტლში განათავსეს. მათ შემდეგი ათწლეულის მანძილზე $15 მილიონის ვენჩურული დაფინანსება მოიპოვეს და 2013-ში პირველი საჯარო შეთავაზება გააკეთეს, აქციების $31-იანი საწყისი ღირებულებით. დღეისთვის მათი აქციები $120-ად იყიდება.
მას შემდეგ, რაც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ჩებოტმა ჩაიბარა, Tableau-მ საწარმოო ბიზნესანალიტიკის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა.
მისი შემოსავალი 2010 წლიდან ყოველწლიურად თითქმის ორმაგდებოდა და $34 მილიონიდან $412 მილიონამდე გაიზარდა.
ჰანრაჰანის კოლეგა, სტენფორდის პროფესორი დევიდ ჩერიტონი უნივერსიტეტის მოქმედ თანამშრომლებს შორის პირველი მილიარდერი დროული ენჯელ- ინვესტიციების ხარჯზე გახდა (მათ შორის, $100,000-იანი ჩეკი იყო, რომელიც პროფესორმა ორ ახალგაზრდა პროგრამისტს, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს გამოუწერა). აკადემიურ სფეროში მოღვაწე სხვა მილიარდერებს შორის არიან Broadcom-ის თანადამაარსებელი ჰენრი სემიუელი (ელექტროინჟინერიის პროფესორი ლოს- ანჯელესის კალიფორნიულ უნივერსიტეტში) და ჰეჯ- ფონდების პიონერი დევიდ შოუ (უფროსი მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტში).