ახალი მილიარდერი ოჯახი - მიბაძვის თამაში

ახალი მილიარდერი ოჯახი - მიბაძვის თამაში

სათამაშოების ბიზნესში გიგანტი კომპანიები ბატონობენ. Zuru-მ იქ გზა თვითგაბერვადი ბუშტებითა და იაფი იმიტაციებით გაიკაფა. 

ნიკ მოუბრეი შინიდან მუშაობს – კოუტსვილში (ახალი ზელანდია) მდებარე 12-საძინებლიანი სახლიდან. ეს ადრე კიბერ-რენეგატის, კიმ დოტკომის სამფლობელო იყო და სწორედ აქ დააპატიმრა დოტკომი მძიმედ შეიარაღებულმა პოლიციამ 2012-ში. 34 წლის მოუბრეი უფრო მშვიდ ცხოვრებას ეწევა. გაზაფხულის მზე მის ვენახს (წელიწადში 2,000 ბოთლზე რომაა პასუხისმგებელი) ანათებს და აბრჭყვიალებს, თავად კი გვიხსნის, რა აძლევს ამგვარი ცხოვრების საშუალებას: ”დამნაშავე” სწრაფად მზარდი სათამაშოების კომპანია Zuru-ა, რომელსაც თავის დედმამიშვილებთან, 38 წლის მეტსა და 36 წლის ანასთან, ერთად მართავს.  

”ჩემი ფილოსოფია დაბალანსებულ ზრდაში მდგომარეობს”, – ამბობს მოუბრეი და 48,000 კვადრატული ფუტის სახლ-კარის ბიბლიოთეკაში დააბიჯებს – სახლ-კარისა, რომელიც ბაღ-ლაბირინთებითა და შიდა აუზით იწონებს თავს. 

Zuru, რომელიც მოუბრეიებმა 2003-ში დააარსეს, ისეთი იაფი სათამაშოების დამზადებაში სპეციალიზდება, როგორიცაა, მაგალითად, Bunch O Balloons-ი – გაჯეტი, რომლითაც 100 წყლის ბუშტის გაბერვა 60 წამში არის შესაძლებელი. კომპანია ჰონკონგშია დაფუძნებული, სადაც მეტი და ანა ცხოვრობენ და რომელიც Zuru-ს დაბალ გადასახდებთან აძლევს წვდომას. ხარჯების დამატებით დასაზოგად, ოჯახი აქტიურად აბანდებს ავტომატიზებაში. 

დღეს Zuru თავის სათამაშოებს 120 ქვეყანაში ყიდის და $300 მილიონს აკეთებს წლიური გაყიდვების სახით. კომპანიას ვალი არა აქვს და არც გარეშე დაფინანსებისთვის მიუმართავს ოდესმე, მხოლოდ საწყისი $20,000 ისესხეს ინჟინერი და მასწავლებელი დედ-მამისაგან. მთელი ბიზნესი ტრიოს საკუთრებაა – ბიზნესი, რომელიც $1 მილიარდზე მეტი ღირს. ”როგორც ახალზელანდიელები, საკმაოდ თავმდაბალი ხალხი ვართ. მაგრამ უდავოდ გასაოცარი გზა გავიარეთ”, – ამბობს ანა, რომელიც აღმასრულებელ დირექტორად მსახურობს (ნიკი და მეტი თანააღმასრულებელი დირექტორები არიან).   

Zuru სამოყვარულო პროექტის სახით დაიწყო. როცა მეტი 12-ის იყო, საჰაერო ბუშტის მოდელის დიზაინი შექმნა. ნიკთან ერთად ამ აღჭურვილობას კარდაკარ ყიდდა, ხოლო 2003-ში, როცა ნიკი 18-ის იყო, ჩინეთში გაემგზავრნენ, რათა ჰობი ნამდვილ ბიზნესად ექციათ.  

”პირველ ღამეს ბუჩქებში გვეძინა, ჰონკონგის აეროპორტთან”, – იხსენებს ნიკი. შემდეგ ქალაქ შანტოუს რვასართულიან შენობაში, თვეში $20-ად, ოთახი დაიქირავეს. ანა ძმებს ერთ წელიწადში შეუერთდა. 

მოუბრეიებმა არსებული პროდუქტების, მაგალითად, შვეულმფრენის ფორმის ბუმერანგის, დისტრიბუცია დაიწყეს. ცოტა ხანში საკუთარი სათამაშოების, Bunch O Balloons-ის წარმოებასაც შეუდგნენ, და ბაზარზე დამკვიდრებული ისეთი ბრენდების მიბაძვასაც მიჰყვეს ხელი, როგორიცაა Nerf-ის სათამაშო იარაღები.    

დროთა განმავლობაში მოუბრეიებმა გზა ყველა მსხვილ ამერიკულ მაღაზიაში გაიკაფეს, მათ შორის, Walmart-ში, Target-სა და CVS-ში. ”ფაქტობრივად, არსებული რესურსებით გავედით ფონს, – ამბობს ნიკი, – ეს კი დიდი იშვიათობაა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.