19 აპრილიდან ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მოქალაქეები კარანტინის გარეშე შეძლებენ გადაადგილებას ქვეყნებს შორის. აღნიშნული სიახლე მოქალაქეებს ახალი ზელანდიის პრემიერმა, ჯაკინდა არდერნმა მიაწოდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის წარმატებას Covid19-ის ელიმინაციასა და გავრცელების ნულამდე დაყვანაში.
„ძალიან ამაღელვებელი დღეა. ტრანს-ტასმანიური „ბაბლი“ კორონავირუსთან ბრძოლის ახალი თავის დასაწყისია, თავის, რომლისთვისაც ხალხმა ბევრი იმუშავა. ეს კი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას უნიკალურ ქვეყნებად აქცევს“ – განაცხადა არდერნმა.
ცნობისთვის, ახალ ზელანდიელებს ავსტრალიაში შესვლისას კარანტინში ყოფნა დიდი ხანია აღარ უწევთ, თუმცა, ავსტრალიელებისთვის იმავე თავისუფლების მინიჭებისგან ოფიციალური ველინგტონი თავს იკავებდა. მიზეზი კი ავსტრალიაში სხვადასხვა კლასტერების ხშირ გაჩენას უკავშირდებოდა.
19 აპრილიდან ავსტრალიელებს ახალ ზელანდიაში გაფრენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუკი უკანასკნელი 14 დღე ქვეყანაში აქვთ გატარებული. ამასთან, ზოგიერთი შტატიდან ფრენა შესაძლოა კვლავ შეიზღუდოს, თუკი ადგილობრივად დაფიქსირდება ვირუსის გავრცელება. არდერნმა ასევე განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნები საზღვრებს კვლავ ჩაკეტავენ.
0 – ეს დადასტურებულ შემთხვევათა ის რაოდენობაა, რაც აღნიშნულ ქვეყნებში ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ავსტრალიაში 81, ხოლო ახალ ზელანდიაში 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა – მათი უმრავლესობა კი ქვეყანაში შემოსულ მოგზაურებს დაუდასტურდათ, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან.