Forbes-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქცია რეგიონის ფინტექ კომპანიების 2022 წლის სიას აქვეყნებს. აღნიშნული ჩამონათვალი უმეტესად ისეთ კომპანიებზე ფოკუსირდება, რომლებიც ფინანსურ სერვისებში ინოვატორები არიან და ბიზნესებს სერვისების გაციფრულებაში ეხმარებიან.
აღნიშნული სია Forbes-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქციამ 2021 წელს კომპანიების ციფრული არხების საშუალებით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობის გათვალისწინებით შექმნა. გარდა ამისა, სიის შედგენისას Forbes-მა კომპანიების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების გადმოწერის რაოდენობის მაჩვენებელი, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, გეოგრაფიული მდებარეობა, წლიური ზრდა, ინოვაციურობა, ბიზნეს გარემოზე გავლენა, ვენჩურული კაპიტალისტებისგან მიღებული დაფინანსების მოცულობა და სხვა მსგავსი ფაქტორები გაითვალისწინა.
გაითვალისწინეთ, რომ სია ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა შედგენილი და ის რეიტინგს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, სიაში არ გვხვდება კომპანიები, რომელთაც მთავრობები, ტრადიციული ბანკები ან სატელეკომუნიკაციო ფირმები ფლობენ.
ახლო აღმოსავლური წამყვანი ფინტექ კომპანიების სია ყველა ინდუსტრიას მოიცავს, დაწყებული ელექტრონული გადახდებით, გაგრძელებული ღია ბანკინგით და დამთავრებული კრიპტო-აქტივების გადაცვლის პლატფორმებით.
სიაში ყველაზე დიდი რაოდენობით გადახდის პლატფორმები გვხვდება. ერთ-ერთი მათგანის, იორდანული MadfooatCom-ის საშუალებით 2021 წელს 13 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქციები განხორციელდა. გადახდების პლატფორმების სახით სიაში ასევე გვხვდება ეგვიპტური Fawry, საუდის არაბული PayTabs-ი და ქუვეითური MyFatoorah-ი.
საინტერესოა, რომ სიაში ასევე აღმოაჩენთ „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისის მომწოდებელ კომპანიებსაც. რაც შეეხება კრიპტოს, ინდუსტრია ახლო აღმოსავლეთში ბაჰრეინული Rain-ისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შექმნილი BitOasis-ის სახითაა წარმოდგენილი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კომპანიების უმეტესობა თითქმის მთელს ახლო აღმოსავლეთში ოპერირებენ. მათი ამ სიაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, სწორედ ეს გეოგრაფიული ცვლადი გახლდათ.
საინტერესოა ისიც, რომ სიაში მოხვედრილი 25 კომპანიიდან 70% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში დაფუძნებული ფინტექია. როგორც ჩანს, ფინტექ კომპანიის დაარსებისათვის ამ ქვეყნებში ყველაზე ხელშემწყობი გარემოა.
გაეცანით ახლო აღმოსავლური ფინტექ კომპანიების სიას სრულად.
(სია დალაგებულია ანბანის თანმიმდევრობით)
- AMAN Holding, ეგვიპტე, ელექტრონული გადახდებისა და ფინანსური სერვისების პროვაიდერი
- Beehive, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული ფინანსური გადაწყვეტების პროვაიდერი
- BitOasis, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კრიპტო-ბირჟა
- Eazy Financial Services, ბაჰრეინი, გადახდების სერვისების პროვაიდერი
- Fawry, ეგვიპტე, ელექტრონული გადახდის პლატფორმა
- Geidea, საუდის არაბეთი, გადახდების სერვისების პროვაიდერი
- HyperPay, საუდის არაბეთი, გადახდების სერვისების პროვაიდერი
- MadfooatCom, იორდანია, საგადასახადო სისტემა
- Mercury Payment Services, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საგადასახადო სისტემა
- MNT-Halan, ეგვიპტე, გადახდების პლატფორმა
- MyFatoorah, ქუვეითი, P2P გადახდების პლატფორმა
- Optasia, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინანსური სერვისების პროვაიდერი მობილური ოპერატორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის
- Ottu, ქუვეითი, გადახდების გადაწყვეტების პროვაიდერი
- Paymob, ეგვიპტე, ციფრული გადახდების პლატფორმა
- PayTabs, საუდის არაბეთი, გადახდების გადაწყვეტების პროვაიდერი
- Postpay, არაბთა გაერთიანებული საამიროები, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
- Rain, ბაჰრეინი, კრიპტო-ბირჟა
- Rasan, საუდის არაბეთი, საბანკო გადაწყვეტების პლატფორმა
- Sarwa, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ონლაინ დამოუკიდებელი საინვესტიციო პლატფორმა
- Tabby, საუდის არაბეთი, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
- Tamara, საუდის არაბეთი, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
- Tarabut Gateway, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ღია ბანკინგის პლატფორმა
- Telr, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ონლაინ გადახდების პლატფორმა
- Upayments, ქუვეითი, გადახდების სერვისის პროვაიდერი
- ValU, ეგვიპტე, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა