„ალიანს პალასის“ ახალ რესტორანში შეფი გურამ ბაღდოშვილი გიმასპინძლებთ

„ალიანს პალასის“ ახალ რესტორანში შეფი გურამ ბაღდოშვილი გიმასპინძლებთ

1 მლნ ევროს ინვესტიციით ბათუმში „ალიანს ჯგუფი“ რესტორანს ხსნის, სადაც მომხმარებელს შეფი გურამ ბაღდოშვილი გაუმასპინძლდება. რესტორანი “ალიანს პალასში” ორ სართულზეა განთავსებული და იგი დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება.

როგორც გურამ ბაღდოშვილმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, დაახლოებით 500 კვ/მ ფართობზე გაშლილ რესტორანში მხოლოდ სამზარეულოსთვის 0.5 მლნ ევრო დაიხარჯა. რესტორანში განთავსებული ცენტრალური სამზარეულო სტუმრების სივრცისგან პანორამული შუშით იქნება გამოყოფილი, რათა ვიზიტორმა მის მიერ შეკვეთილი კერძის მზადების პროცესს თვალი ადევნოს.

ბაღდოშვილის თქმით, ცალკე განყოფილებაა მაყალი და ორგანულ ნახშირზე დამზადებული კერძების სივრცე. დარბაზის შესასვლელში განლაგებულია ხაჭაპურის და პიცის იტალიური ღუმელიც.

რესტორანი 250 სტუმარზეა გათვლილი და მის დიზაინზე იტალიელმა დიზაინერებმა იზრუნეს. თუმცა, შეფ ბაღდოშვილის თქმით, მას დაუმატეს ქართული არტისტული ხასიათი და ცნობილ ბათუმელ მხატვარს ბესიკ კალანდაძეს სივრცე ვან გოგის, პიკასოს, მარკ შაგალის სხვა ცნობილი ფერმწერების ინსპირაციით მოახატვინეს.

განსხვავებული კონცეფციის რესტორნის დიზაინი ნეოინდუსტრიალიზმის ნიშნებს ატარებს: დომინირებს ქვა, ბეტონი და რკინა, ფერები ძირითადად ნაცრისფერია. დარბაზი გაწყობილია იტალიური ავეჯით.

გარდა ამისა, იქვე იქნება ბარი, სადაც სტუმარს საავტორო კოქტეილებსა და ღვინის დიდ არჩევანს შესთავაზებენ და, რა თქმა უნდა, იქნება ქართული საავტორო სამზარეულო შეფ გურამ ბაღდოშვილისგან.

„რესტორნის კერძებს ძირითადად ქართული ხასიათი ექნება, მაგრამ გათანამედროვებული და ჩემი ხელწერით… ასევე, იტალიური სამზარეულოს ელემენტებიც იქნება და დიდი სურვილი მაქვს აზიური ელემენტებიც დავამატო. რაზეც ჯერჯერობით ვმუშაობ.

ხორცის კერძები ორგანულ ნახშირზე იქნება დამზადებული. რაც შეეხება ინგრედიენტებს, ორგანულ პროდუქტებს ვიძიებ, და მაქსიმალურად ადგილობრივ ნაწარმზე ვაკეთებ აქცენტს, რათა ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად აისახოს“, – აღნიშნა შეფმა.

ბაღდოშვილის თქმით, რესტორნის იდეა „ალიანს პალასის“ დამფუძნებლებს ეკუთვნით, რომლებიც მას ჯერ კიდევ პანდემიამდე დაუკავშირდნენ. თუმცა, შექმნილმა ვითარებამ პროექტი შეაჩერა. როგორც ბაღდოშვილი ამბობს, რომ არა პანდემია, რესტორანი უკვე გახსნილი იქნებოდა.

შეფი გურამ ბაღდოშვილი ძალიან ფრთხილად ირჩევს პარტნიორებს, ვინაიდან „ძალიან რთულია ერთობლივი ბიზნესის კეთება. „ალიანს ჯგუფის“ გუნდი აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ადამიანები. კარგი ბიზნესი გამოდის კარგი პარტნიორობით“, – აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა.

ცნობისთვის „ალიანს პალასი“ „ალიანს ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ბათუმში 41-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს მოიცავს.