ამერიკულმა კომპანია Amazon-მა პროექტ Kuiper-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ორი სატესტო თანამგზავრი გაუშვა. თანამგზავრთა წყვილი – სახელწოდებით KuiperSat-1 და KuiperSat-2 – Amazon-ის სატელიტური ინტერნეტის ინიციატივის ფარგლებში, კოსმოსში United Launch Alliance-ის (ULA) რაკეტა Atlas V-ის დახმარებით გაიგზავნა. შეგახსენებთ, პროექტი Kuiper-ი Amazon-მა SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის საპასუხოდ შეიმუშავა.
თანამგზავრები ორბიტაზე ფლორიდაში განლაგებული ბაზიდან, Space Launch Complex 41-დან 6 ოქტომბერს გაიგზავნა. თანამგზავრების გაშვება პირდაპირ ეთერში ULA-ის ვებგვერდიდან გადაიცემოდა.
თანამგზავრების განთავსების შემდგომ, ქსელის მუშაობის შესამოწმებლად, სპეციალური გუნდი მათსა და დედამიწაზე მომხმარებელთა ტერმინალს შორის ინფორმაციის მიმოცვლას დაიწყებს. Amazon-ის განცხადებით, თანამგზავრების „აქტიური დეორბიტაცია“ მისიის ბოლოს დაიწყება, რაც მათ დედამიწის ატმოსფეროში დაწვის საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის, Amazon-მა თავდაპირველად სატესტო თანამგზავრები კოსმოსში ULA-ის ახალი, Vulcan-ის რაკეტის დახმარებით წლის დასაწყისში გაუშვა. თუმცა რაკეტა აფეთქდა, რამაც Amazon-ის მისიის გადავადება გამოიწვია. შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, Amazon-ი თანამგზავრებს ამიერიდან Atlas V-ის რაკეტით გაუშვებს.
Amazon-ი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, დედამიწის ორბიტაზე პლეადის შესაქმნელად 3,200 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ის პროექტ Kuiper-ში $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.