ამჟამად Twitter-ის ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 33%-ია

ამჟამად Twitter-ის ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 33%-ია

ამერიკული საფინანსო სერვისების კომპანია Fidelity-ის მონაცემებით, ამჟამად სოციალური მედიაპლატფორმა Twitter-ის ღირებულება მხოლოდ მესამედია იმ თანხის, რომელიც ილონ მასკმა გასულ წელს მის შესაძენად გადაიხადა. Fidelity-მ Twitter-ში, შარშან $19.7 მილიონად შეფასებული საკუთარი წილი, 28 აპრილის მდგომარეობით, მხოლოდ $6.6 მილიონად შეაფასა.

დოკუმენტში Fidelity-ს Twitter-ში თავისი აქციების ღირებულების შემცირების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია. შეგახსენებთ, რომ მასკმა სოციალური ქსელის პლატფორმა გასულ წელს $44 მილიონად შეისყიდა და განაცხადა, რომ Twitter-ი ფულს არ გამოიმუშავებდა. მილიარდერმა მოგვიანებით აღიარა, რომ კომპანიაში ძალიან მაღალი თანხა გადაიხადა, თუმცა დასძინა, რომ Twitter-ს „წარმოუდგენელი პოტენციალი“ ჰქონდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში, მასკის ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაციის გაჟონვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ Twitter-ის ღირებულება უკვე მხოლოდ $20 მილიარდს უტოლდებოდა. Twitter-ის ფინანსური პრობლემები მასკის მიერ სოციალური პლატფორმის შეძენასთან ერთად გამწვავდა. გასულ თვეებში კომპანიამ დასაქმებულთა დიდი ნაწილი გაათავისუფლა.

Wall Street Journal-ის თანახმად, 2021 წელს Twitter-ის შემოსავლის 90% რეკლამაზე მოდიოდა, კომპანიის კორექტირებული და მთლიანი შემოსავალი კი დეკემბრის მონაცემებით, წლიურად დაახლოებით 40%-ით შემცირდა. სარეკლამო ბიზნესის გამოსწორებაში Twitter-ს შესაძლოა მისი ახალი CEO, ლინდა იაკარინო დაეხმაროს, რომელიც მანამდე NBCUniversal-ის რეკლამების მიმართულების ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.