Apple-ი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის, Apple GPT-ის განვითარებაზე მუშაობს

Apple-ი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის, Apple GPT-ის განვითარებაზე მუშაობს

გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებთან კონკურენციისთვის, Apple-ი ფარულად საკუთარი ხელოვნური ინტელექტის, Apple GPT-ის განვითარებაზე მუშაობს. ინფორმაციას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

iPhone-ების მწარმოებელმა OpenAI-ის ChatGPT-ისა და Google-ის Bard-ის მსგავსი დიდი ენობრივი მოდელის (LLM) შესაქმნელად საკუთარი მიდგომა უკვე შეიმუშავა. პარალელურად კი, Ajax-ის სახელით ცნობილი გეგმის ფარგლებში, Apple-მა ჩატბოტის სერვისიც შექმნა, რომელსაც ინჟინერთა ნაწილი Apple GPT-ად მოიხსენიებს. წყაროებზე დაყრდნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, Apple-ის მთავარ მიზანს სწორედ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის განვითარება წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები, მათ შორის ხმოვანი დამხმარე Siri, უკვე წლებია, რაც Apple-ის პროდუქციაშია წარმოდგენილი, AI-ტექნოლოგია ამჟამად სწრაფი განვითარების ფაზაშია და ამერიკულ გიგანტსაც სხვა კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა გენერაციული სერვისების მზარდ ბაზარზე უწევს.

Apple-ის ახალ ვირტუალურ ასისტენტს, დატესტვის პროცესში მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ტექსტის შეჯამება და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, Apple GPT-ი არსებითად იმეორებს Bard-ის, ChatGPT-ისა და Bing AI-ის სერვისებს და ვებაპლიკაციის სახით ფუნქციონირებს. მოხსენების თანახმად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეებს Apple-ი მომავალი წლისთვის წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ Apple GPT-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, Apple-ის აქციების ფასი 2.3%-ით, რეკორდულ $198.23-მდე გაიზარდა. ამავდროულად კი, OpenAI-ის მთავარი პარტნიორის, Microsoft-ის, მასთან ერთად კი სხვა ტექნოლოგიური გიგანტების, Alphabet-ისა და Nvidia-ს აქციების ფასი, 1%-ით დაეცა.