Apple-ის დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. საუბარია მონიკა ლოზანოზე, რომელიც კალიფორნიაში სტუდენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია College Futures Foundation-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. როგორც Apple-ში აცხადებენ, ლოზანოს კერძო და საჯარო სექტორებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
College Futures Foundation-ის პრეზიდენტობამდე, ლოზანომ 30 წელი მედიაბიზნესში გაატარა. ის აშშ-ში უმსხვილესი ესპანურენოვანი გამოცემა La Opinión-ის რედაქტორი და გამომცემელი იყო. ამასთან, ლოზანო Target Corporation-ისა და Bank of America Corporation-ის საბჭოების წევრიცაა, ხოლო ადრე The Walt Disney-ის საბჭოშიც იყო.
ლოზანო ასევე “დაუღლელ ადვოკატად” არის ცნობილი უმაღლეს განათლებაზე წვდომის გაზრდისთვის ბრძოლაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით და დაბალშემოსავლიანი და ფერადკანიანი სტუდენტების ხელშეწყობაში.
“მონიკა ნამდვილი ლიდერი და ნოვატორია ბიზნესში, მედიასა და ფილანთროპულ წრეებში“, – განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა, – “მისი ღირებულებები და გამოცდილება დაეხმარება Apple-ს განაგრძოს ზრდა, ინოვაციები და იყოს ჩვენი გუნდის, მომხმარებლების და საზოგადოების ცხოვრებაში სიკეთის ძალა“.
“ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი Apple-ის წვლილით ტექნოლოგიებში, რაც ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება და ააშენონ უკეთესი მსოფლიო; მოუთმენლად ველი ტიმთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა მონიკა ლოზანომ.