საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2022 წლის აპრილში 2021 წლის აპრილთან შედარებით 114 მლნ დოლარით, 59%-ით გაიზარდა. აპრილში სულ 308 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ერთი თვის განმავლობაში საქართველოში გადმორიცხული თანხის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი თანხა 2021 წლის დეკემბერში იყო გადმორიცხული – 229 მლნ დოლარი.
აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 380 ათასი დოლარით ნაკლებია 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილში, ჯამში, 853 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 23%-ით (160 მლნ დოლარით) მეტია.
აპრილში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან ჩამორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 133 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე 300%-ით მეტია. ასევე, ყაზახეთიდან გაიზარდა 17.5 მლნ დოლარით, გერმანიიდან – 3.3 მლნ დოლარით.
მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2021 წლის აპრილში 8.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის აპრილში კი მხოლოდ 40 ათასი დოლარი.
ქვეყნები, საიდანაც აპრილში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | აპრილი-2021 | აპრილი-2022 | ზრდა |
რუსეთი | 33.3 | 133.0 | 99.6 |
ყაზახეთი | 2.5 | 20.0 | 17.5 |
გერმანია | 8.7 | 12.0 | 3.3 |
ყირგიზეთი | 1.2 | 3.0 | 1.8 |
იტალია | 31.7 | 33.4 | 1.7 |
ტაჯიკეთი | 0.5 | 1.4 | 0.9 |
გაერთიანებული სამეფო | 1.9 | 2.6 | 0.7 |
ისრაელი | 15.5 | 16.2 | 0.7 |
უზბეკეთი | 0.4 | 0.9 | 0.6 |
პოლონეთი | 2.6 | 3.1 | 0.5 |
წყარო: ეროვნული ბანკი