არის თუ არა საქართველო ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდით?

არის თუ არა საქართველო ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდით?

“საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა”, – ეს ერთ-ერთი განცხადებაა  ექს-პრემიერის გუშინდელი ინტერვიუდან.

“ფორბსმა” გადაწყვიტა გაერკვია, თუ რამდენად სწორი იყო ბიძინა ივანიშვილის ეს გამონათქვამი.  

დავიწყოთ სამეზობლოთი – ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის რეალური ტემპით, ლიდერი არა საქართველო, არამედ სომხეთია.

2018 წლის პირველ კვარტალში, სომხეთის ეკონომიკა 10%-ზე მეტად გაიზარდა, რუსეთში ზრდამ 1.3% შეადგინა, აზერბაიჯანში კი 2.3%. თურქეთში კი მშპ-ს ზრდის ტემპი წლის პირველ კვარტალში წლიურად 7.4% იყო.  რაც შეეხება საქართველოს, – ზრდა წლის პირველ ექვს თვეში 5.4% იყო.

რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემებს თუ ავიღებთ ვნახავთ, რომ მაგალითად აგვისტოში ყაზახეთის ეკონომიკა წლიურად 2.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ზრდა საქართველოში 2% იყო. 1.1%-ით გაიზარდა აგვისტოში რუსეთის ეკონომიკა, ხოლო სომხეთში კი მშპ-ს ზრდის ტემპი ზაფხულის ბოლოს, 0.6%-მდე შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, რეგიონის ეკონომიკებზე დიდი გავლენა იქონია თურქული ლირას და რუსული რუბლის გაუფასურებამ. 

ეკონომიკური ზრდით საქართველო ლიდერი არც 2017 წელს ყოფილა. კერძოდ, 2017 წელს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, ამავე პერიოდში საქართველოზე მეტად გაიზარდა მეზობელი სომხეთის ეკონომიკა – 7.5%, ასევე თურქეთის ეკონომიკა – 7.4%. საქართველოზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთსა – 1.5% და აზერბაიჯანში – 0.1%. 

თუკი რეგიონის მასშტაბებს „გავაფართოვებთ“, ვნახავთ რომ გასულ წელს, ზრდამ 2.4% შეადგინა ბელარუსში, ყაზახეთში 4%, უკრაინაში კი 1.5%.

საქართველო ლიდერი ვერც წელს იქნება, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. კერძოდ, IMF საქართველოს დსთ-ს ქვეყნების რეგიონში აერთიანებს, (თავისთავად არც საქართველო და არც თურქმენეთი და უკრაინა დსთ-ს წევრები არ არიან, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ფონდს საქართველო ამ ჯგუფში ჰყავს შეყვანილი) ამ რეგიონში 2018 წელს საქართველოზე მაღალი ზრდაა მოსალოდნელი სომხეთსა და თურქმენეთში. IMF პროგნოზი 2018 წლისთვის, შემდეგია: 

  • თურქმენეთი 6.2%
  • სომხეთი 6%
  • საქართველო – 5.5%
  • უზბეკეთი – 5%
  • ტაჯიკეთი – 5%
  • ბელარუსი – 4%
  • მოლდოვა – 3.8%
  • უკრაინა – 3.5%
  • ყაზახეთი – 3.1%
  • ყირგიზეთი- 2.8%
  • რუსეთი – 1.7%,
  • აზერბაიჯანი – 1.3%. 

2017 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდით, საქართველო, მსოფლიოს ქვეყნებს შორის 42-ე იყო, ხოლო 2018 წლის პროგნოზის (5.5%) მიხედვით, 31-ე პოზიციას იკავებს.

მომავალი წლის პროგნოზით, კი საქართველოს რეგიონის სამი ქვეყანა უსწრებს. IMF ელოდება, რომ მომავალ წელს საქართველოში მშპ 4.8%-ით გაიზრდება: ქვეყანას ზრდის ტემპით გაუსწრებს ტაჯიკეთი (5%), თურქმენეთი (5.6%) და უზბეკეთი (5%).

აქვე ბოლო 10 წლის საშუალო მონაცემებსაც გაგაცნობთ, რომელიც ასევე IMF-ს ეყრდნობა.  მსოფლიოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა ბოლო წლებში მხოლოდ რამოდენიმე სახელმწიფომ შეძლო, რის ერთ-ერთ მიზეზადაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი სახელდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 10 წელში, საშუალოდ 3,5% შეადგინა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 82-ე ადგილზეა. 10 წელში, აზერბაიჯანის ეკონომიკა საშუალოდ  3,1%-ით გაიზარდა. საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ სომხეთში, 10 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 1,8% იყო, რუსეთში 0,9%, თურქეთში კი 4,5%.