აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის მშპ-ის წინასწარი ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში 0.3%-ით, სამი წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის შემცირება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქაოსური სატარიფო პოლიტიკის შემოღების გამო მოხდა. ამის მიზეზი კი ტარიფების დაწესების გამო კომპანიების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქციის გადაჭარბებით ჩამოტანა და მარაგების გადავსებაა.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ კომერციის დეპარტამენტის მშპ-ის წინასწარი ანგარიშის შედეგები ამერიკელების მზარდ უკმაყოფილებას ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაზრდის.
ცნობისთვის, აშშ-ში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ხუთწლიან მინიმუმზეა, ბიზნესის განწყობის ინდექსი კი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ავიაკომპანიებმა 2025 წლის მოლოდინები შეამცირეს, რის მიზეზადაც ტარიფების გამო მოგზაურობების გაუქმებას ასახელებენ, რაც კომპანიებისა და შინამეურნეობებისთვის ხარჯებს გაზრდის.
წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე Reuters-ის მიერ ეკონომისტებში ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ის მშპ 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 0.3%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც 2022 წლის მეორე კვარტალის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნული კვლევა არ ითვალისწინებდა გუშინ გამოქვეყნებულ სავაჭრო ბალანსის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც სავაჭრო დეფიციტმა ყველა დროის ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.
შედარებისათვის, 2024 წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 2.4%-ით გაიზარდა.