ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტმა 113 ათასზე მეტ მსესხებელს $6.8 მილიარდის მოცულობის სტუდენტური სესხები ჩამოუწერა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეღავათის გაკეთება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გასული წლის ოქტომბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სესხების ჩამოწერის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. თუმცა, მიუხედავად ამ თანხის მასშტაბურობისა, ეს სიახლე ფედერალური სტუდენტური სესხების მქონე 43.4 მილიონი ამერიკელიდან მხოლოდ 0.26%-ს შეეხო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საკმაო წინააღმდეგობის გამოვლა მოუწია: საქმე ისაა, რომ სტუდენტური სესხების გადახდაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადა აგვისტოს ბოლოს სრულდება, მაგრამ თითო მსესხებელზე $10 ათასის მოცულობის სესხის ჩამოწერა, რომელიც პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, ჯერ არ შესრულებულა. საინტერესოა, რომ თითო მსესხებელზე $10 ათასის ჩამოწერით, სტუდენტური სესხი 15 მილიონ ამერიკელს დაეხურება.
ამავდროულად, თეთრი სახლი ცდილობს გაარკვიოს, აქვს თუ არა ბაიდენს საპრეზიდენტო აქტის მეშვეობით სტუდენტური სესხების ჩამოწერის სამართლებრივი უფლება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მოსალოდნელია ისიც, რომ სტუდენტური სესხების ჩამოწერის პრობლემა მხოლოდ იმ ამერიკელებს შეეხოთ, რომელთა ყოველწლიური ანაზღაურება $125 ათასს არ აღემატება.