აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის ასლი აუქციონზე გაიყიდება

აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის ასლი აუქციონზე გაიყიდება

კერძო კოლექციაში დარჩენილი აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის ორი ცნობილი ორიგინალი ასლიდან ერთ-ერთი, დეკემბერში, აუქციონზე გამოჩნდება. ის $20-დან $30 მილიონამდეა შეფასებული. ცნობისთვის, უიშვიათესი ნიმუშიდან ერთი, გასულ წელს, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ $43.2 მილიონად Citadel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ გრიფინმა შეიძინა.

კონსტიტუციის ეგზემპლარი, რომელიც დეკემბერში გაიყიდება, ბოლოს აუქციონზე 1894 წელს გამოჩნდა. Sotheby’s-ის განცხადებით, ეს არის პირველი ბეჭდური ვერსია, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიკოსებმა და კოლექციონერებმა დოკუმენტის ოფიციალურ პირველ გამოცემად აღიარეს. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ამჟამად, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი ოფიციალური გამოცემის ცამეტი ცნობილი ასლიდან თერთმეტი, ოფიციალურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო კოლექციებში ინახება.

კერძო საკუთრებაში არსებული ეგზემპლარებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ზემოთ ნახსენები ე.წ. „გოლდმენის კონსტიტუციაა“, რომელიც გრიფინმა 2021 წლის ნოემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე შეიძინა და შემდგომში, გამოფენისთვის, „კრისტალ ბრიჯის ამერიკული ხელოვნების მუზეუმს“ გადასცა. Sotheby’s-ის განცხადებით, $43.2 მილიონი რეკორდული თანხაა, რომელიც აუქციონზე ნებისმიერი სახის წიგნისთვის, ხელნაწერისა თუ ბეჭდური ტექსტისთვის ოდესმე გადაუხდიათ.

საინტერესოა, რომ ნოემბერში კონსტიტუციის ასლის შეძენას კრიპტოვალუტის მოყვარულთა ჯგუფი ConstitutionDAO ცდილობდა. მაშინ, კრიპტოვალუტის ჯგუფმა შემომწირველებისგან $40 მილიონის შეგროვებაც კი მოახერხა. როგორც Sotheby’s International’s-ის უფროსი სპეციალისტი აცხადებს, კონსტიტუციის ასლის შესაძენად მსურველებს მეორე შანსი არც თუ ისე ხშირად ეძლევათ და შესაბამისად, არცაა გამორიცხული ConstitutionDAO დეკემბრის აუქციონზეც ვიხილოთ.