აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე დანიისაგან გრენლანდიის შეძენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. დონალდ ტრამპმა მიზნის მისაღწევად არც სამხედრო და ეკონომიკური ზომების მიღების შესაძლებლობა გამორიცხა. ტრამპის განცხადების პარალელურად, გრენლანდიაში მისი ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსიც ჩავიდა. ისტორიის განმავლობაში აშშ-ს რამდენიმე ტერიტორია აქვს შეძენილი ან მიერთებული. სტატიაში წარმოგიდგენთ აღნიშნული ტერიტორიების ჩამონათვალსა და მათი შეძენისთვის გაღებულ თანხებს.
1975
1944 წელს შეერთებულმა შტატებმა კუნძულ გუამთან ახლოს ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები დაიკავა და მათ ადმინისტრირებას დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა. 1975 წელს აღნიშნული ტერიტორია აშშ-ის იურისდიქციაში ოფიციალურად გადავიდა.
1917
შეერთებულმა შტატებმა ვირჯინ-აილენდი დანიისაგან $25 მილიონის ღირებულების ოქროს სანაცვლოდ შეიძინა. ტერიტორიის მცხოვრებლებს კი აშშ-ის მოქალაქეობა 1927 წელს მიენიჭათ. აღნიშნული შენაძენი კარიბის ზღვის გასაკონტროლებლად სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნეოდა. კუნძულის დღევანდელი ღირებულება დოლარის მსყიდველობითი უნარის ცვლილების გათვალისწინებით $674 მილიონი იქნებოდა.
1900
1899 წლის ბერლინის ხელშეკრულებით სამოის კუნძულები ორ პოლიტიკურ ერთეულად დაიყო. ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ამერიკული სამოა კი 1925 წლის კონგრესის აქტით შეერთებულ შტატებს შეუერთდა.
1898
1898 წლის პარიზის შეთანხმებით, ესპანეთმა კუნძული პუერტო-რიკო შეერთებულ შტატებს დაუთმო. პუერტო-რიკო აშშ-ის ტერიტორია ოფიციალურად 1917 წელს გახდა. ამავე წელს პუერტო-რიკოს მცხოვრებლებმა აშშ-ის მოქალაქეობები მიიღეს.
1898
ესპანურ-ამერიკული ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ესპანეთისგან კიდევ ერთი ტერიტორია, გუამი მიიღო. ამავე წელს შტატებმა ჰავაის ანექსირება მოახდინა. ამერიკის ტერიტორიად ჰავაი ოფიციალურად 1900 წელს, შტატად კი 1959 წელს იქცა.
1867
შეერთებულმა შტატებმა 1867 წელს რუსეთისაგან $7.2 მილიონად ალასკა შეიძინა. ტერიტორიის დღევანდელი ღირებულება $120 მილიონი იქნებოდა. ალასკა აშშ-ის შტატი 1959 წელს გახდა.
1848
მექსიკა-ამერიკის ომის შემდეგ მექსიკამ შტატებს თანამედროვე კალიფორნიის, ნევადის, იუტის, არიზონის, კოლორადოს, ნიუ-მეხიკოსა და ვაიომინგის ტერიტორიები დაუთმო. გუადალუპე იდალგოს შეთანხმებით, აშშ-მა მექსიკას ამისთვის $15 მილიონი გადაუხადა.
1845
მექსიკისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათი წლის შემდეგ აშშ-მა ტეხასის ანექსირება მოახდინა და ის ამერიკის 28-ე შტატი გახდა.
1803
$15 მილიონად აშშ-მა საფრანგეთისგან თანამედროვე ოკლაჰომის, არკანზასის, კანზასის, ნებრასკის, მისურისა და აიოვის ტერიტორიები შეიძინა. ტერიტორიების დღევანდელი ღირებულება $342 მილიონი იქნებოდა.