აშშ-ის საჰაერო ძალები Northrop-ის ბომბდამშენებისა და ICBM-ისთვის $73 მილიარდის უზრუნველყოფას ითხოვს

აშშ-ის საჰაერო ძალები Northrop-ის ბომბდამშენებისა და ICBM-ისთვის $73 მილიარდის უზრუნველყოფას ითხოვს

ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების (USAF) ხუთწლიანი გეგმა ქვეყნის ახალი B-21 ბომბდამშენებისა და Sentinel-კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) განვითარებისა და შესყიდვის უზრუნველსაყოფად, $73 მილიარდზე მეტს მოითხოვს. ორივე ტიპის იარაღს ამერიკული სამხედრო კონტრაქტორი Northrop Grumman-ი აწარმოებს.

B-21 ბომბდამშენებისთვის გათვალისწინებული ხარჯები ფისკალური 2028 წლისთვის $35 მილიარდს წარმოადგენს, საიდანაც $10.6 მილიარდი მათ განვითარებას, ხოლო $20.8 მილიარდი შესყიდვას მოხმარდება. წარმოების ხარჯები, რომელიც ამ დროისთვის მინიმუმ 100 ბომბდამშენისგან შემდგარი ფლოტის შესაძენადაა გათვალისწინებული, შარშანდელი $108 მილიონიდან, 2025 წლამდე $3.9 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო ფისკალურ 2028 წელს $5.6 მილიარდს მიაღწევს.

რაც შეეხება Northrop-ის LGM-35A Sentinel-კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის მოთხოვნილ თანხას, ის $38.5 მილიარდს უტოლდება, საიდანაც $15 მილიარდი კვლევისა და განვითარებისთვის, ხოლო $19 მილიარდი შესყიდვებისთვის გადანაწილდება. დამატებით $19.4 მილიარდის უზრუნველყოფა კი მასთან დაკავშირებული სამხედრო მშენებლობებისთვისაა აუცილებელი. არსებული გეგმით, რაკეტის ექსპლუატაციის თარიღად 2029 წლის მაისი განიხილება.

ხუთწლიანი გეგმა წლიური საბიუჯეტო გეგმის ნაწილია, რომელიც F-22 გამანადგურებლის მემკვიდრის, Next Generation Air Dominance-Manned Fighter-ის შესაქმნელად კვლევითი საქმიანობისთვის $16.2 მილიარდს უზრუნველყოფს. რაც შეეხება დრონების განვითარების დაფინანსებას, აღნიშნული თანხა კონგრესის მიერ წელს დამტკიცებული $51.7 მილიონიდან 2028 წლამდე $3.1 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.

გასულ კვირას პენტაგონმა და სამხედრო სამსახურებმა ფისკალური 2024 წლის ბიუჯეტის ზოგადი მონახაზი გამოაქვეყნეს, თუმცა არა ხუთწლიანი სპეციფიკა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა კორპორაციული საბჭოებისთვის, ინვესტორებისა და თავდაცვის ანალიტიკოსებისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ხუთწლიანი ხარჯები ითვალისწინებს:

  • $23.5 მილიარდს Boeing-ის KC-46-ტანკერისთვის და $1.2 მილიარდს მისი ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავისთვის, ანუ Air Force One-პროგრამისთვის.
  • $11 მილიარდი ჯამში ორმოცი, „ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების“ დასაფინანსებლად, მათ შორის ათი – მომავალ წელს, ხოლო რვა გაშვება 2025 წელსაა დაგეგმილი.
  • Boeing F-15EX-გამანადგურებლის დამატებით შესაძენად 2025 წლამდე $7.3 მილიარდის უზრუნველყოფა.
  • $5.8 მილიარდი Raytheon Technologies-ის ბირთვული ქობინის მქონე საკრუიზო რაკეტის განვითარებისა და შესყიდვისთვის.
  • $5 მილიარდი Lockheed-ის მიერ JASSM გაფართოებული დიაპაზონის ზუსტი საკრუიზო რაკეტის წარმოებისთვის.
  • $4 მილიარდი Boeing-ის T-7A პილოტების მოსამზადებელი სისტემისთვის.