აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ბაიდენის იმპიჩმენტზე მოკვლევას იწყებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ბაიდენის იმპიჩმენტზე მოკვლევას იწყებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. პალატის რესპუბლიკელ სპიკერ კევინ მაკარტნის განცხადებით, გამოძიება ბაიდენის მიერ „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ობსტრუქციული ქმედებებისა და კორუფციის ბრალდებებზე“ იქნება ფოკუსირებული.

ჯო ბაიდენის საქმიანობას რესპუბლიკელები იანვარში, პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ იძიებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ პრეზიდენტის უკანონო ქმედებების მტკიცებულება ვერ იპოვეს, სამაგიეროდ, უფრო მეტი შეიტყვეს ბაიდენის ვაჟ, ჰანტერ ბაიდენის საქმიანი გარიგებების შესახებ, რაც, რესპუბლიკელთა აზრით, ბადებს ეჭვს, რომ მათ შესახებ ინფორმაციას თავად უფროსი ბაიდენიც ფლობდა.

აშშ-ის კაპიტოლიუმში გაკეთებულ მოკლე განცხადებაში მაკარტნიმ ბაიდენის ქმედებებთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს „სანდო და სერიოზული“ უწოდა და დასძინა, რომ ბრალდებები „კორუფციის კულტურას“ ასახავს. თეთრმა სახლმა რესპუბლიკელთა სპიკერის განცხადება დაუყოვნებლივ დაგმო.

შეგახსენებთ, რომ ჰანტერ ბაიდენს ფედერალური გამოძიება მის უცხოურ ბიზნესთან დაკავშირებულ საგადასახადო დანაშაულებს ედავება. დამატებით ორი ბრალდება კი 2017 და 2018 წლებში დაახლოებით $1.2 მილიონის საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობას შეეხება, რაშიც უმცროსი ბაიდენი თავს დამნაშავედ ცნობს. კალიფორნიის დეპუტატ კევინ მაკარტნის მტკიცებით კი, პრეზიდენტის ოჯახი ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან განსაკუთრებულ მოპყრობას იღებდა.

თავის მხრივ, თეთრი სახლი უარყოფს ჰანტერ ბაიდენის საქმეში მონაწილეობას და აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს არანაირი კავშირი არა აქვს მისი შვილის ბიზნესოპერაციებთან.