პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. „ჩვენი დახმარება გადამწყვეტი იყო უკრაინელი პარტნიორებისთვის, რომლებიც თავიანთ ქვეყანასა და თავისუფლებას რუსული აგრესიისგან იცავენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდა.
სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პენტაგონის მარაგებიდან გამოუყო. თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, $250-მილიონიანი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას როგორც საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 15 მილიონზე მეტ ტყვიას, „ჯაველინების“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და „სტრინგერის“ საზენიტო რაკეტებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, საერთო ჯამში $44.3 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო.
ბოლო პერიოდში რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებდა, რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. რესპუბლიკელები შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო საკითხებისა და პოლიტიკის მოგვარების პრიორიტეტულობაზე მიუთითებენ და მათი ნაწილი მზადაა შეაჩეროს დახმარება ომში მყოფი ქვეყნისთვის მანამ, სანამ აშშ-ის საემიგრაციო და სასაზღვრო პოლიტიკაში ცვლილებები არ შევა.