აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე თურქეთში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე თურქეთში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა

თურქეთის ქალაქ სტამბულში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო. აშშ-ში რუსეთის ელჩ ალექსანდრ დარჩიევის განცხადებით, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური მისიებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენას შეეხება, რომლებიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სპიკერი, თემი ბრიუსის ინფორმაციით, სტამბულში გამართული მოლაპარაკების დღის წესრიგში უკრაინის ომი არ დგას. თურქეთში შეხვედრებისას, მოსკოვის დელეგაციას დარჩიევი, ხოლო აშშ-ისას სონატა კოულტერი უხელმძღვანელებს – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

სტამბულში შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი გასულ კვირას, შტატებში ორდღიანი შეხვედრიდან დაბრუნდა. დმიტრიევი აშშ-ში ყოფნისას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოვს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. დმიტრიევის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა პუტინის მიმართ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო.

იანვარში, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საჯაროდ ცნობილი ორი სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა. 27 თებერვალს, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთში, აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაშიც შეხვდნენ, სადაც საელჩოს ფუნქციონირების აღდგენის საკითხი განიხილეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპის ადმინისტრაციასთან აღდგენილ ურთიერთობას იმედისმომცემი უწოდა.