უიშვიათესი, 1908 წლის Harley-Davidson-ი ოფიციალურად ყველაზე ძვირად ღირებული მოტოციკლი გახდა, რომელიც ოდესმე ნებისმიერ აუქციონზე გაყიდულა. ვინტაჟური მოტოციკლებით ვაჭრობით დაინტერესებული Vintagent-ის ინფორმაციით, 28 იანვარს ლოს-ანჯელესში გამართულ Mecum Auction-ის აუქციონზე ის $935,000-ად გაიყიდა.
აღნიშნული მოდელი 1908 წელს Harley-Davidson-ის მიერ წარმოებული 450 მოტოციკლიდან ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია, რომელიც დროს გადაურჩა. Harley-Davidson-ის ისტორიის გათვალისწინებით, არ არსებობს ბრენდისთვის უფრო მნიშვნელოვანი მოდელი, ვიდრე ლეგენდარული Strap Tank-ია – Harley-Davidson-ის პირველი თაობისა და ყველაზე ადრეული წარმომადგენელი.
Harley-Davidson-ის მოტოციკლების წარმოება 1905 წელს, პატარა ხის ფარდულში დაიწყო. 1906 წელს ახალი ქარხანაც აშენდა, სადაც დღეს Harley-Davidson-ის შტაბ-ბინა მდებარეობს და სადაც მხოლოდ იმ წელს 50 მოტოციკლი იწარმოვა. 1907 წელს კომპანიამ წარმოება 150, ხოლო 1908 წელს 450 მოტოციკლამდე გაზარდა. პირველ მოდელებს Strap Tank-ი მისი დიზაინის, მონიკელებული ჯვარედინი ზოლებით მიმაგრებული საწვავისა და ზეთის ავზის გამო ეწოდა.
აუქციონზე გაყიდული 1908 წლის Harley-Davidson Strap Tank-ს 1941 წელს ვისკონსინში დევიდ უილეინმა მიაკვლია და საკუთარ შტატში 66 წლის განმავლობაში შეინახა. აღნიშნული მოდელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1908 წელს გამოშვებული 450 მოტოციკლიდან ერთ-ერთი უიშვიათესი ეგზემპლარია, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ ცოტა მათგანი თუა მასავით დახვეწილი და ხელუხლებელი.