Avatar-ის მეორე ნაწილის შემოსავალმა $1.7 მილიარდს გადააჭარბა

Avatar-ის მეორე ნაწილის შემოსავალმა $1.7 მილიარდს გადააჭარბა

ჯეიმს კამერონის რეჟისორობით გადაღებული Avatar: The Way of Water-ის ბილეთების გლობალურმა გაყიდვებმა $1.7 მილიარდს გადააჭარბა. კომპანია Walt Disney-ის ფილმმა უკვე გადაუსწრო Top Gun: Maverick-ს და მისგან 2022 წელს გამოსული ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტულიც გადაიბარა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანამდე გლობალური შემოსავლების კუთხით 2022 წლის ლიდერი Paramount Global-ის Top Gun: Maverick-ი გახლდათ, რომელმაც სალაროებიდან თითქმის $1.49 მილიარდის მიღება მოახერხა. ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერა 2022 წლის მაისში შედგა, დეკემბერში კი ორი კვირით ფილმის ხელახალი ჩვენებაც გაიმართა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Maverick-ის შემოსავლის უმეტესი ნაწილი არა საშინაო (ჩრდ. ამერიკა), არამედ საზღვარგარეთის ბაზარს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჩინეთის ბაზარზე არ გაშვებულა. რაც შეეხება Avatar-ის მეორე ნაწილს, ფილმის სალაროებიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო ბაზარზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ Avatar-ის მეორე ნაწილის მიმართ გამძაფრებული მოლოდინიდან გამომდინარე, კინოსურათის პრემიერამ პროგნოზის გამართლება ვერ შეძლო. დებიუტის პირველ შაბათ-კვირას ფილმმა მხოლოდ $134 მილიონი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ კინოსურათის გადასაღებად $350 მილიონზე მეტი დაიხარჯა.