აზერბაიჯანი და რუსეთი აქთაუს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და რუსეთი აქთაუს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმდნენ

ფოტო: AP

 

აზერბაიჯანმა და რუსეთმა 2025 წლის 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს. აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეებმა „2025 წლის 9 ოქტომბერს, დუშანბეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ავიაკატასტროფის შედეგები, მათ შორის კომპენსაციის საკითხიც, შეაჯერეს“.

აზერბაიჯანული და რუსული საგარეო უწყებების მიერ გავრცელებულ, 15 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, სათანადოდ გადაჭრან ავიაკატასტროფის შედეგები, მათ შორის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) კუთვნილი Embraer 190-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან. იმავე განცხადებაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზად „რუსეთის საჰაერო სივრცეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის უნებლიე მოქმედებაა“ მითითებული.

„გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს ორმხრივ მისწრაფებას, [მხარეებმა] სამომავლოდაც განავითარონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების ფარგლებში“, — ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად 2025 წლის 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 ემსხვერპლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარში რუსული მხარე დაადანაშაულა, მათ შორის, გასულ წელს ის რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა ოფიციალური ანგარიში გასული წლის 4 თებერვალს გამოაქვეყნა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სამგზავრო თვითმფრინავი რუსული რაკეტის, Pantsir-S-ის, მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა. თვითმფრინავი Embraer 190AR რეისს ბაქოდან ჩეჩნეთის მიმართულებით ასრულებდა.