Samsung-ის თავმჯდომარე ჯეი ლი კვლავ სამხრეთ კორეის უმდიდრესი ადამიანია

Samsung-ის თავმჯდომარე ჯეი ლი კვლავ სამხრეთ კორეის უმდიდრესი ადამიანია

ფოტო: Pool/Getty Images

 

Samsung Electronics-ის თავმჯდომარემ, ჯეი ლიმ, სამხრეთ კორეის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მას შემდეგ დაიბრუნა, რაც გასულ წელს ის MBK Partners-ის დამფუძნებელს, მაიკლ კიმს დაუთმო. მიმდინარე წელს ჯეი ლის ქონება თითქმის სამჯერ გაიზარდა და, შედეგად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სამხრეთკორეელი ბიზნესმენი ამჟამად მისთვის რეკორდულ $25.8 მილიარდს ფლობს.

მიმდინარე წელს ჯეი ლის სიმდიდრის მკვეთრი ზრდა, უმეტესად, ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის ფონზე, Samsung-ის მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნის მატებას უკავშირდება. ასევე, გასული წლის ივლისში კომპანიამ AI-ჩიპების წარმოებისთვის Tesla-სთან $16.5 მილიარდის ღირებულების მრავალწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. თებერვალში კი კომპანიამ მაღალი გამტარუნარიანობის High Bandwidth Memory 4 (HBM4) ჩიპების მასობრივი წარმოება დაიწყო. ეს უკანასკნელი Nvidia-ს ახალი თაობის AI-ამაჩქარებლისთვის ძირითადი კომპონენტია.

HBM4-ის წარმოება Samsung Electronics-ს AI-მეხსიერების ჩიპების ბაზარზე პოზიციების აღდგენაში დაეხმარა. მიუხედავად HBM-ის ჩიპების ბაზარზე არსებული კონკურენციისა, სტანდარტული (non-HBM) მეხსიერების ჩიპების წარმოების მოცულობით Samsung-ი კვლავ გლობალური ლიდერია. 2025 წელს სამხრეთკორეული კონგლომერატის წმინდა მოგება 31%-ით, $30 მილიარდამდე, ხოლო შემოსავალი 11%-ით, $223 მილიარდამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ჯეი ლიმ სამხრეთ კორეის უმსხვილესი კონგლომერატის, Samsung Electronics-ის თავმჯდომარის პოსტი 2022 წელს დაიკავა. აღნიშნული პოზიცია 2020 წელს მამამისის, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ლი კუნ-ჰის გარდაცვალების შემდეგ ვაკანტური იყო.

ჯეი ლი 2017 წელს სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პარკ კინ-ჰეს მოსყიდვისთვის გაასამართლეს. ბრალდება 2015 წელს Samsung-ის ორი შვილობილი კომპანიის შერწყმას უკავშირდებოდა, რაც კონგლომერატზე მის კონტროლს გააძლიერებდა. 30-თვიანი სასჯელიდან Samsung-ის თავმჯდომარემ მხოლოდ 18 თვე მოიხადა და 2022 წელს მოქმედმა პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა შეიწყალა. პრეზიდენტის განმარტებით, მას ლი „ეროვნული ეკონომიკური კრიზისის“ დაძლევაში დასახმარებლად სჭირდებოდა.