გუშინ, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჩინურ-პაკისტანური წარმოების მრავალფუნქციური გამანადგურებელი JF-17 წარადგინა.
მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი პაკისტანური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, PAC-ისა და ჩინური სამხედრო კომპანია CAC-ის ერთობლივი ნაწარმია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-საჰაერო ძალებმა JF-17-ები შეიარაღებაში უკვე მიიღეს.
აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა ჩინურ-პაკისტანური გამანადგურებლის JF-17C (Block III) ვერსია შეიძინა, რომელიც გამოდგება როგორც ჰაერი-ჰაერი, ისე ჰაერი-მიწა საბრძოლო მანევრებისათვის. პაკისტანის საავიაციო კომპლექსის (PAC) წარმომადგენლის განმარტებით, ერთძრავიანი გამანადგურებელი მაღალი მანევრირებით გამოირჩევა როგორც დაბალ, ისე საშუალო სიმაღლეებზე და ფუნქციონირებს ნებისმიერ ამინდში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან $1.6 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენ ერთეულ JF-17C-ს მიიღებს აზერბაიჯანი, უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ერთეული JF-17-ის ღირებულება დაახლოებით $25 მილიონია, საუბარი დაახლოებით 60 ერთეული საფრენი აპარატის შეძენაზე უნდა იყოს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხარჯები პილოტების მომზადებას, აპარატების ნაწილებს, ამუნიციას და სერვისსაც უნდა მოიცავდეს. შესაბამისად, შესაძლოა შესყიდული გამანადგურებლების რიცხვი კიდევ უფრო ნაკლები იყოს.
სამხედრო ექსპერტების შეფასებებით, JF-17C-ის შესაძლებლობების გათვალისწინებით, გამანადგურებელი აზერბაიჯანის თავდაცვით და თავდასხმით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Block III ვარიანტები უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.