ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, 2050 წლისთვის აშშ-ის ფედერალური სამთავრობო უწყებები ნახშირბადის ემისიას შეაჩერებენ – გეგმის თანახმად, ელექტომანქანების შესაძენად, ფედერალური შენობა-ნაგებობების მოდერნიზებისა და უფრო სუფთა ელექტროენერგიის გამოყენებაზე გადასვლისათვის საჭირო სამთავრობო ძალის აგრეგაციისთვის, ქვეყნის მთავრობა მილიარდობით დოლარს დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა რამდენიმე საფეხურისგან შედგება. აშშ-ის ფედერალური მთავრობის ავტოპარკის შემთხვევაში, მაგალითად, განახლება ორ ეტაპს მოიცავს: 2027 წელს აშშ-ის მთავრობა შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების შეძენას შეწყვეტს, ხოლო ავტოპარკის ელექტრომობილებით სრულად ჩანაცვლებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება – ჯამში, ავტოპარკის განახლება 2035 წელს დასრულდება.
გარდა ამისა, ამ საპრეზიდენტო აქტით, ჯო ბაიდენი იმ გამონაბოლქვის შემცირებას აპირებს, რომლითაც აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ სათბურის ეფექტის გაღვივებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ჯო ბაიდენი მთავრობას ავალებს, რომ ამ ათწლეულის დასასრულამდე, გამონაბოლქვის მოცულობა 65%-ით შემცირდეს, ხოლო 2050 წლისათვის საერთოდ ნოლს გაუტოლდეს. ჯო ბაიდენის აზრით, 2030 წლისთვის ამგვარი მიდგომა ქვეყანას 10 გიგავატის მოცულობის სუფთა ელექტროენერგიის წარმოქმნაში დაეხმარება.
ცნობისთვის, 2050 წლით დათარიღებული მიზანი ნათლად ასახავს მეცნიერების პოზიციას, რომელთა თქმით, ეს ის ზღვრული თარიღია, რომლის შემდგომ კლიმატის ცვლილების უარყოფითი პროცესების შემობრუნება შეუძლებელი იქნება.