აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისათვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 33 მილიარდ აშშ დოლარიანი გეგმის დამტკიცებას სთხოვს. ბაიდენის განცხადებით, ამერიკელმა კონგრესმენებმა გეგმა აუცილებლად უნდა დაამტკიცონ, რადგან მას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად კრიტიკული მნიშვნელობა ექნება.
აღნიშნული შეთავაზებიდან 20 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო დახმარებას, $8.5 მილიარდი – ეკონომიკურ დახმარებას, ხოლო $3 მილიარდი ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარებით, უკრაინაში შეჭრილ ყოველ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მოდის. მიუხედავად პრეზიდენტის მკაცრი რიტორიკისა, მან განმარტა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს თავს არ ესხმის. „ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, თავი დაიცვას რუსული აგრესიისაგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენის შეთავაზება კონგრესისათვის დაახლოებით ორჯერ მეტი თანხის გამოყოფას ნიშნავს იმ დახმარებასთან შედარებით, რაც აშშ-მა უკრაინას ამ დრომდე გადასცა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ლენდ-ლიზის აქტისადმი კონგრესის თითქმის ერთსულოვან მხარდაჭერას, შესაძლოა, ეს გეგმაც ზედმეტი შეფერხების გარეშე დამტკიცდეს. ცნობისთვის, კონგრესმა ლენდ-ლიზის აქტი 417 ხმით დაამტკიცა 10-ის წინააღმდეგ.