ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ ცნობს. გარდა ამისა, ფედერალური ბრალმდებლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა საპროცესო შეთანხმებასაც, რომელიც იარაღის შეძენის საქმეს უკავშირდება.
ჰანტერ ბაიდენის მიერ აღიარებული ორი ბრალდება 2017 და 2018 წლებში, დაახლოებით $1.2 მილიონის გადასახადების გადაუხდელობას, ერთიც კი ასევე 2018 წელს უმცროსი ბაიდენის მიერ იარაღის შესყიდვას უკავშირდება. იარაღის შეძენის საქმეზე ბაიდენს საპროცესო შეთანხმების დადების უფლება მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ, პროკურორის მტკიცებით, ამ პერიოდში პრეზიდენტის შვილი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა პროკურორმა დევიდ ვეისმა დაიწყო.
საგადასახადო ბრალდებები მაქსიმუმ ერთი წლით, ხოლო იარაღის შესყიდვის ბრალდება ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ვეისის განმარტებით, ფედერალურ დანაშაულებზე რეალური სასჯელის ვადა, როგორც წესი, მაქსიმალურ სადამსჯელო ღონისძიებებზე ნაკლებია. პროკურორის განცხადებით, ბაიდენის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.
ბაიდენის ადვოკატი, კრისტოფერ კლარკი იმედოვნებს, რომ შეთანხმება მისი კლიენტის მიმართ ხუთწლიანი გამოძიების დასრულების წინაპირობა გახდება. კლარკის განცხადებით, ჰანტერიც მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრების რთულ პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანია. თეთრი სახლის სპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტი და პირველი ლედი ცხოვრების ცვლილებისთვის მათი შვილის ძალისხმევას მხარს უჭერენ და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.