ბაიდენმა ჩინეთში კონკრეტულ ტექნოლოგიებში ინვესტირების აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა

ბაიდენმა ჩინეთში კონკრეტულ ტექნოლოგიებში ინვესტირების აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ჩინეთში გარკვეულ ტექნოლოგიებში ინვესტირება აიკრძალება. აკრძალვა ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის ტექნოლოგიებს ეხება, როგორიც კომპიუტერული ჩიპებია. სხვა სექტორებისათვის კი მთავრობისათვის გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო გახდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მოლოდინი უკვე დიდი ხანია არსებობს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ჩინურ კომპანიებში ინვესტირება სამ სექტორში – ნახევარგამტარებისა და მიკროელემენტების, კვანტური ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინდუსტრიებში აიკრძალა.

აშშ-ის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული აკრძალვის მიზანია, მოხდეს ამერიკული კაპიტალისა და ექსპერტიზის ჩინეთში გადინების პრევენცია, რამაც შესაძლოა აზიურ ქვეყანას დიდი დახმარება გაუწიოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაში, რომელიც მის სამხედრო შესაძლებლობებს გაზრდის და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს.

ჩინური მხარე ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ საპასუხო ზომების მისაღებად ყველანაირი უფლება გააჩნია. მათი განმარტებით, ბრძანება დიდ გავლენას მოახდენს ოპერაციებსა და საერთაშორისო ვაჭრობაზე.

ცნობისთვის, ამჟამად ჩინეთში 70,000-მდე ამერიკული კომპანია ოპერირებს. შესაბამისად, აკრძალვამ შესაძლოა ჩინურ ინდუსტრიასთან ერთად, ამერიკული კომპანიებიც დააზარალოს.