ბაფეტმა მორიგი $4.1 მლრდ-ის დონაცია განახორციელა და გეიტსების ფონდი დატოვა

ბაფეტმა მორიგი $4.1 მლრდ-ის დონაცია განახორციელა და გეიტსების ფონდი დატოვა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა $4.1 მილიარდის ოდენობის მორიგი მსხვილი დონაცია განახორციელა. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. კერძოდ, მისმა კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ თანხა ტრადიციულად ხუთ ფონდს გადაურიცხა. მათ შორისაა Susan Thompson Buffett Foundation-ი, Sherwood Foundation-ი, Howard G. Buffett Foundation-ი, Novo Foundation-ი და Gates Foundation-ი. აღნიშნულ ფონდებს ბაფეტი 2006 წლიდან ყოველწლიურად ურიცხავს თანხას.

გარდა ამისა, 90 წლის ინვესტორმა განაცხადა, რომ ის ტოვებს „არააქტიური“ მეურვის პოზიციას ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში. მისი თქმით, „ფიზიკური მონაწილეობა ფონდის მიზნების მიღწევისთვის უდავოდ საჭიროა“, რაც მისი ფონდიდან წასვლის სავარაუდო მიზეზად დასახელდა.

ბაფეტს არაფერი უთქვამს ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინებაზე. თუმცა მან აღნიშნა, რომ ის ყველა კორპორაციულ საბჭოს ტოვებს, გარდა Berkshire-ისა, სადაც აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თავმჯდომარის პოზიციას ინარჩუნებს.

მისივე თქმით, ის ახლა Berkshire Hathaway-ში 238,624 აქციას ფლობს, რაც დაახლოებით $100 მილიარდის ტოლფასია.

„2006 წელს მე პირობა დავდე, რომ აქციების 99%-ზე მეტს ქველმოქმედებას შევწირავდი.ეს პირობა  ნახევრად უკვე შევასრულე“, – აღნიშნა ბაფეტმა, რომელიც 2006 წელს Berkshire-ის 474,998 აქციას ფლობდა.

ჯამში Berkshire-ის დონაციები $41 მილიარდს უტოლდება.

ცნობისთვის, Forbes-ის მიხედვით, უორენ ბაფეტის ქონება $105 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.