Bayer-ს $1.5-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

Bayer-ს $1.5-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

გერმანული ფარმაკოლოგიური კომპანია Bayer-ის აქციების ფასი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა მას შემდეგ, რაც ფირმამ სასამართლო დავა წააგო და მისთვის უმნიშვნელოვანესი, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტის ტესტირების ბოლო ეტაპიც შეაჩერა.

შტატ მისურის სასამართლომ კომპანიას მის მიერ წარმოებული ქიმიური პრეპარატის – Roundup-ის სამი მომხმარებლისთვის $1.5 მილიარდის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მომჩივანთა მტკიცებით, სარეველათა მოსაშორებლად განკუთვნილი ქიმიკატი მათ ორგანიზმში სიმსივნის გამომწვევი მიზეზი გახდა.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ჯეიმს დრეიგერი, ვალორი გიუნტერი და დენ ანდერსონი, საერთო ჯამში, კომპენსაციის სახით, რეალური ზიანის ასანაზღაურებლად $61.1 მილიონს მიიღებენ. თუმცა, დამატებითი გარემოებების გათვალისწინებით, ფულადი ანაზღაურება გაცილებით მაღალია და თითოეულ პირზე $500 მილიონს შეადგენს. კერძოდ კი, დაზარალებულთა მტკიცებით, წლების განმავლობაში Roundup-ის გაზონებსა და ბაღებში გამოყენებამ მათ ორგანიზმში არაჰოჯკინის ლიმფომა გამოიწვია.

Roundup-ის სასამართლო პროცესების ბოლო ხუთწლიან ისტორიაში, მისურის შტატის გამოტანილი ვერდიქტი უდიდესი სულაც არ არის. 2019 წელს, კალიფორნიის მოსამართლემ, გერმანულ კომპანიას წყვილისთვის $2 მილიარდის გადახდა დააკისრა. მათი მტკიცებითაც, სარეველათა გამანადგურებელი პრეპარატის 30-წლიანი გამოყენება, სიმსივნის წარმოქმნის მიზეზი გახდა. მოგვიანებით ეს თანხა $87 მილიონამდე შემცირდა.

ორიოდე წლის წინ კი, Bayer-მა Roundup-ის გარშემო არსებული 100,000-ზე მეტი საქმის გადასაჭრელად $16 მილიარდზე მეტი გამოყო. ცნობისთვის, გერმანულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Roundup-ი 2018 წელს, Monsanto-ს $62 მილიარდად შესყიდვისას შეიძინა.

სასამართლო დავის წაგების შემდეგ კი, ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტის ტესტირების ბოლო ეტაპიც შეაჩერა. Bayer-ის განცხადებით, მომავალი ბლოკბასტერი ისეთი ეფექტიანი არ აღმოჩნდა, როგორსაც თავად ელოდნენ.

ამ ყველაფრის გავლენით, ორშაბათის დილის ვაჭრობაში, ფირმის აქციები კომპანიის ისტორიაში რეკორდული 20%-ით, 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავარდა. მხოლოდ რამდენიმე საათში კი, Bayer-მა 7.5 მილიარდ ევროზე მეტის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.