ბერნარ არნომ და უორენ ბაფეტმა მედია კონგლომერატებში აქციების შეძენა გადაწყვიტეს

ბერნარ არნომ და უორენ ბაფეტმა მედია კონგლომერატებში აქციების შეძენა გადაწყვიტეს

საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს ჰოლდინგურმა კომპანიამ მედია და საგამომცემლო კონგლომერატში Lagardere-ში წილი შეიძინა. შედეგად ახლა Groupe Arnault მედიაორგანიზაციაში 5%-ს ფლობს.

ცნობისთვის, არნო ფლობს კომპანია LVMH-ს, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton და Dior. თავად ბერნარ არნო და მისი ოჯახი Forbes-ის მონაცემებით, $113.3 მილიარდის ქონებას ფლობს.

გარდა ფრანგი მილიარდერისა, ცნობილი გახდა, რომ მედია კომპანიაში აქციების შეძენა გადაწყვიტა ამერიკელი მილიარდერი ინვესტორის უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მაც. როგორც უცხოური მედია წერს, კონგლომერატი $600 მილიონის ინვესტირებას აპირებს მედიაჯგუფ EW Scripps-ში, რათა მას დაეხმაროს ამერიკული სამაუწყებლო კომპანია ION Media-ს შეძენაში. ამის შესახებ Wall Street Journal-ს საქმეში გარკვეულმა წყარომ აცნობა.
გავრცელებული ცნობით, Berkshire Hathaway-ი 23.1 მილიონ A კლასის თითო აქციას მედიაკომპანიაში $13-ად იყიდის.

EW Scripps-ი ამერიკული სამაუწყებლო კომპანიაა, რომელიც 1878 წელს დაარსდა. აღნიშნული კომპანია მეორე უმსხვილესი ოპერატორია ისეთი მედია ორგანიზაციის, როგორიცაა ABC.