აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეაჩეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დაფინანსება ისეთივე საშიშია, როგორც ეს ჟღერს. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა.
გეითსის თქმით, კორონავირუსის გავრცელების შენელება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმეა და მათი მუშაობა თუ შეჩერდა, სხვა ამ საქმეში მას ვერ ჩაანაცვლებს. “მსოფლიოს სჭირდება WHO ახლა ისე როგორც არასდროს“, – განაცხადა გეითსმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდეს. ტრამპი აცხადებს, რომ საქმის მოკვლევა მიმდინარეობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის არაჯეროვან ქმედებასთან დაკავშირებით, რადგან ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ გაართვა თავი ვირუსის მართვას და დროულად არ გაავრცელა ინფორმაცია.
ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად, აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.
მისივე თქმით, აშშ-ი ყოველ წელს WHO-ს $400-500 მილიონით აფინანსებს.
ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვირუსის პოლიტიზირება არ შეიძლება.
“თუ არ გსურთ უფრო მეტი ცხედრის ჩანთა, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან. ჩემი მოკლე მესიჯი ასეთია: გთხოვთ კარანტინში მოათავსეთ კოვიდის პოლიტიზირება. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ საშიში ვირუსის დასამარცხებლად“, – განაცხადა WHO–ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.
WHO-მ კორონავირუსის გამო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა იანვრის ბოლოს გამოაცხადა.