ბიტკოინის ფასმა $60 000-ს პირველად გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ის $61 074 ღირს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ, რომლის ფასიც გასული წლის ბოლოს შემდეგ გასამმაგდა, წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მისი რეკორდულად გაძვირების მიზეზი გახდა.
როგორც BBC წერს, ბიტკოინის ბაზრის საერთო მოცულობა უკვე $1 ტრილიონს აჭარბებს.
შეგახსენებთ, თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი შეიძინა. მისივე თქმით, ბიტკოინს ის გადახდის საშუალებადაც დაამატებს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას Mastercard-იც გეგმავს.
კრიპტოვალუტის ფასის ზრდაზე კორონავირუსის პანდემიამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ონლაინვაჭრობაზე გადავიდა.
მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდა უდიდეს გავლენას ახდენს გარემოზე, ვინაიდან მათ გამომუშავებას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება.
ცნობისთვის, ბიტკოინი 4 იანვრის შემდეგ 120.2%-ითაა გაძვირებული. წლის დასაწყისში მისი ფასი $27,734-ს შეადგენდა.