ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოების მიერ ბიტკოინის ETF-ის ავტორიზაციის შემდეგ, კრიპტოვალუტის ღირებულებამ საკუთარი რეკორდი მოხსნა და 66 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე დღის წინ მისი ფასი 66 900-საც გაუტოლდა. თუმცა, მალევე ფასის კორექციის შემდეგ ღირებულებამ შედარებით დაიკლო.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ დაახლოებით მსგავსი ღირებულება მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში დააფიქსირა. მაშინ ბიტკოინის ღირებულება 64 900 აშშ დოლარს გაუტოლდა. თუმცა მას შემდეგ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, კრიპტოვალუტამ არაერთი ვარდნა განიცადა. ეს კი მეტწილად ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის Tesla-ს მიერ ბიტკოინის გადახდის საშუალებად გამოყენებაზე უარის თქმით იყო გამოწვეული.
გარდა ამისა, კრიპტოვალუტის ღირებულებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის მთავრობის ზეწოლამაც კრიპტოვალუტების მფლობელების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ გასულ თვეში ჩინეთში ყველაფერი აიკრძალა, რაც ბლოკჩეინ-სისტემასთან პირდაპირ ან ირიბად მაინცაა დაკავშირებული. ამ მიზეზების გამო ბიტკოინის ღირებულება 30 000 აშშ დოლარს არაერთხელ ჩამოსცდა.
თუმცა, ამ ყველაფრისდა მიუხედავად, გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოების მიერ ბიტკოინის ETF-ის ავტორიზაციამ მის აღმასვლას ბიძგი მისცა. ETF სხვაგვარად აქციის მსგავსი ერთეულია, რომელიც ბიტკოინის ფასის მოძრაობას იმეორებს. სფეროს ექსპერტების ვარაუდით, მომდევნო წლისათვის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ღირებულება 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.