ბიზნესის განწყობის ინდექსი წლის მესამე კვარტალში შემცირდა და 27,0 ერთეული შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2 პუნქტით დაბალი მაჩვენებელია.
“მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად მოლოდინების ინდექსების მნიშვნელოვანმა ვარდნამ განაპირობა, რაც წინა კვარტლის მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას კერძო სექტორის განწყობის რეალობასთან თანხვედრით და არა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით”, – განმარტავენ ISET-ში. ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, მესამე კვარტალში 11,2 პუნქტით გაიზარდა. სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე დადებითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა.
ბიზნესის ოპტიმიზმი მეორე კვარტალთან შედარებით, 18,8 ერთეულით დაეცა. მრეწველობის და ვაჭრობის დარგების მცირე და საშუალო ფირმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ოპტიმიზმის შემცირებაში.
ბიზნესის ნდობის ინდექსი ყველა სექტორში გაუარესდა, გარდა საცალო ვაჭრობისა (+6,1) და სოფლის მეურნეობისა (+9,3). ყველაზე მეტად ინდექსი მშენებლობის დარგში შემცირდა (-9,1).
კითხვაზე, – „როგორ განვითარდა თქვენი ბიზნეს აქტივობა ბოლო სამი თვის განმავლობაში“ გამოკითხული კომპანიების 27% აცხადებს რომ გაუარესდა, 38%-სთვის არ შეცვლილა, ხოლო 43%-სთვის გაუმჯობესდა.
მესამე კვარტალში მოლოდინების ინდექსი ყველა სექტორში შემცირდა, – ყველაზე მეტად კი სოფლის მეურნეობაში 33%-ით. გამოკითხული კომპანიების 51% თვლის რომ მათი საქმიანობა მომდევნო სამ თვეში გაუმჯობესდება, 37% ფიქრობს რომ არ შეიცვლება, ხოლო 11% თვლის, რომ გაუარესდება. ამასთან კომპანიების უმრავლესობა – 78% მომავალ სამ თვეში ფასების ცვლილებას არ ელოდება, 6% თვლის რომ ფასები შემცირდება, ხოლო კომპანიების 16% ფასების მატებას პროგნოზირებს.
გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორებად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.