Bloomberg-ის უახლესი ანგარიშით, რუსეთის ეკონომიკას ძირითადი სექტორებიდან შემოსავლების ვარდნის გავლენით, მეორე კვარტალში მკვეთრი შენელება ემუქრება. გამოცემა მიზეზებს შორის ორ ძირითად ფაქტორს ასახელებს, მათ შორის: მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და მუშახელის დეფიციტს, რაც ჯარში მოქალაქეების მასობრივი გაწვევითაა განპირობებული.
„ფედერალური სტატისტიკის სამსახურის“ წინასწარი შეფასებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით გაიზარდა. თუმცა Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა აზრით, დარჩენილი წლის განმავლობაში, ზრდა სავარაუდოდ არსებული დონის ნახევრამდე შენელდება.
Bloomberg Economics-ის რუსი ეკონომისტის, ალექს ისაკოვის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 2%-მდე შენელდება, მომავალ წელს კი – 0.5%-1.5%-ს მიაღწევს.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ სამხედრო და თავდაცვის სექტორში დანახარჯები მკვეთრად გაზარდა. პარალელურად, შიდა ბიზნესზე, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შესუსტებას ცდილობდა. გასულ თვეში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 200 პუნქტით – ომის პირველი კვირების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, 18%-ზე გაზარდა. ფასების სწრაფი ზრდის ფონზე, მთავრობა სტაგფლაციის რისკებთან გამკლავებას ცდილობდა.
შედეგად, რუსეთში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე, 2.4%-მდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია „დიდი შვიდეულის“ ნებისმიერ სახელმწიფოს შორის. პარალელურად, „ფედერალური სტატისტიკის სამსახურის“ მონაცემებით, ქვეყანაში ბიზნესი 2 მილიონზე მეტი კადრის დეფიციტს განიცდის.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამხედრო და თავდაცვით საჭიროებებთან დაკავშირებული წარმოება ივნისში მაისთან შედარებით განახევრდა. ხოლო საბითუმო ვაჭრობა, ენერგოპროდუქტების გაყიდვების ჩათვლით, წინა თვეების ორნიშნა მაჩვენებლიდან 2%-ზე ნაკლებ ზრდამდე შენელდა.
ამის მიუხედავად, ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ივნისის ვარდნას შესაძლოა მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მათივე შეფასებით, ზრდა უნდა შემცირდეს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მონეტარული გამკაცრებისა და პოპულარული იპოთეკური სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, მშენებლობას დააზარალებს.