Boston Celtics-ი რეკორდულ $6.1 მილიარდად გაიყიდა

Boston Celtics-ი რეკორდულ $6.1 მილიარდად გაიყიდა

ინვესტორთა ჯგუფმა, ბილ ჩისჰოლმის ხელმძღვანელობით, კერძო საინვესტიციო ფირმა Sixth Street-თან NBA-ის საკალათბურთო კლუბ Boston Celtics-ის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. ინვესტორთა ჯგუფი Boston Celtics-ს $6.1 მილიარდად შეისყიდის, რაც ჩრდილოეთ ამერიკის სპორტულ გუნდებში გადახდილ თანხებს შორის რეკორდული იქნება.

Symphony Technology Group-ის ხელმძღვანელ ბილ ჩისჰოლმსა და Sixth Street-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, ინვესტორთა ჯგუფი Celtics-ს თითქმის სრულად გამოისყიდის. მამა-შვილ ირვინგებისგან და ვიკ გრუსბეკისგან აქციების გამოსყიდვა ორ ეტაპად განხორციელდება. გარიგებას მხარს უჭერს მილიარდერი რობერტ ჰეილიც, რომელიც Celtics-ში მცირე წილს ფლობს და ბრიუს ბილ უმცროსიც, უძრავი ქონების ფირმა Related Companies-ის პრეზიდენტი. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ვიკ გრუსბეკი Celtics-ის მმართველად NBA-ის 2027-2028 წლების სეზონზე დარჩება.

Celtics-ის გასაყიდი ფასი აჭარბებს მილიარდერ ჯოშ ჰარისის მიერ 2023 წლის აპრილში, NFL-ის კლუბ Washington Commanders-ში გადახდილ თანხას. მაშინ კერძო კაპიტალის ინვესტორმა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბში $6.05 მილიარდი გადაიხადა.

Boston Celtics-ის უმსხვილესი მეწილე გრუსბეკების ოჯახია, რომლის სიმდიდრესაც Forbes-ი $2.2 მილიარდად აფასებს. გრუსბეკის ხელმძღვანელობით, Boston Basketball Partners-მა კლუბის გაყიდვის შესახებ განცხადება პირველად 2024 წლის ივლისში გააკეთა, მას შემდეგ რაც ფრენჩაიზმა 2008 წლის შემდეგ NBA-ის პირველი ჩემპიონატი მოიგო.

Granite Telecommunications-ის დამფუძნებლის, რობერტ ჰეილის ქონება კი, ამერიკული გამოცემის მიერ, $5.8 მილიარდადაა შეფასებული.

წარმოგიდგენთ აშშ-ის სპორტული ფრენჩაიზის ტოპ-10 უმსხვილეს შესყიდვას:

  1. Boston Celtics, $6.1 მილიარდი (2025)
  2. Washington Commanders, $6.05 მილიარდი (2023)
  3. Denver Broncos, $4.65 მილიარდი (2022)
  4. Phoenix Suns, $4 მილიარდი (2023)
  5. New York Mets, $2.4 მილიარდი (2020)
  6. Brooklyn Nets, $2.35 მილიარდი (2019)
  7. Carolina Panthers, $2.3 მილიარდი (2018)
  8. Houston Rockets, $2.2 მილიარდი (2017)
  9. Los Angeles Dodgers, $2.15 მილიარდი (2012)
  10. Los Angeles Clippers, $2 მილიარდი (2014)