ბოთლში მოქცეული ისტორია

ბოთლში მოქცეული ისტორია
1,500-ზე მეტი „ბადაგონელი“ გიორგი სალაყაიას ხელმძღვანელობით ქართული ვიტიკულტურის მდიდარ ისტორიას მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი 12,000,000 ღვინის ბოთლით ჰყვება. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და მეღვინეობის ტრადიციული მიდგომების განვითარების პარალელურად, „ბადაგონი სტუმარმასპინძლობის მიმართულებითაც აფართოებს საქმიანობას. შედეგებსა და სამომავლო გეგმებს კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია შეაჯამებს.

ბატონო გიორგი, გაგვიზიარეთ „ბადაგონის“ შექმნის ისტორია და თავდაპირველი მიზნები, რომელთაც კომპანიის ხედვა დაეფუძნა.

ღვინის წარმოების 8,000-წლიანი ტრადიცია საქართველოს იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ქართული იდენტობის, ისტორიისა და ტრადიციის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო, ქართული მეღვინეობა თვითმყოფად და ძლიერ ინდუსტრიად გვექცია. ამასთან, ყველას კარგად ახსოვს 2005 წელს რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო, რომელიც ღვინისა და სხვა ქართული პროდუქტების ექსპორტს ზღუდავდა. სწორედ ამ დროს გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ქართულ ტრადიციულ მიდგომებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და ყველა საერთაშორისო ნორმასა თუ სტანდარტს უპასუხებდა.

ეს ამბიციური გეგმა იყო, თუმცა თავიდანვე ძალიან კარგად ვიცოდით, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის წილის გაზრდა სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ამ მიზნისკენ სვლაში ამოსავალ წერტილად კი ძლიერი ქართული ბრენდის ჩამოყალიბება ვაქციეთ.

სწორედ ასე დაფუძნდა 2006 წელს კახეთში, ზემო ხოდაშენში კომპანია „ბადაგონი“, რომელიც, თამამად ვიტყვი, დღეს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ღვინის კომპანიაა.

კომპანიის ფილოსოფიის პრაქტიკულად გარდასახვაში პირველივე დღიდან აქტიურად გვეხმარებოდა ჩვენი პარტნიორი, ბატონი დონატო ლანატი, რომელიც მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ენოლოგია. ის მეღვინეობის უმაღლესი ჯილდოს, „Oscar del Vino“-ს მფლობელი გახლავთ და ამავდროულად წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საარბიტრაჟო ლაბორატორიასა და კვლევით ცენტრ „ენოსის მერავილიას“, რომელიც ნიადაგის შესწავლით დაწყებული, საბოლოო პროდუქტით დასრულებული, ყველა პროცესს იკვლევს. სწორედ მის გამოცდილებასა და ცოდნას დაეფუძნა „ბადაგონის“ განვითარების სტრატეგია.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

ვინაიდან ღვინის ხარისხი აბსოლუტურად დამოკიდებულია ნედლეულის ხარისხზე, ჩვენი პირველი ამოცანა ვენახების მოწყობა იყო. დღეს „ბადაგონი“ ფლობს 500 ჰექტარამდე ფართობის ვენახს, რომელიც სრულად ჩვენ მიერ არის გაშენებული. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ „ბადაგონში“ ყოველთვის ზუსტად ვიცით თითოეული ვაზის ნერგის წარმომავლობა, ნიადაგის შემადგენლობა და ვენახის მოვლისას გამოყენებული მეთოდები. ეს არის გარანტია, ზუსტად ვიცოდეთ, რა ტიპისა და ხარისხის ნედლეულთან გვაქვს საქმე.

ჩვენს საკუთრებაში არსებული ვენახი ჩვენი წარმოების 70%-ს უზრუნველყოფს, დარჩენილ ნაწილს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიღებთ. ჩვენ კახელ გლეხებთან პარტნიორობის 15-წლიანი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, როგორი ვენახი აქვს თითოეულ მომწოდებელს, მათი ვენახების განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი აგრონომებიც.

ნედლეულის ხარისხის უზრუნველყოფაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად საწარმოო პროცესის სრულყოფა და ტექნოლოგიური გამართვა. ამიტომაც, ვენახის გაშენების პარალელურად, ჩვენი საწარმოო ფართის პროექტირება დავიწყეთ. „ბადაგონი“ ახმეტაში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ აშენდა. საწარმოში წარმოდგენილი ულტრათანამედროვე დანადგარები იტალიიდან არის ჩამოტანილი, ხოლო ლაბორატორიული ტექნიკა, რომელიც ღვინის ხარისხის მთავარი მაკონტროლებელია, იაპონიიდან ჩამოვიტანეთ.

თქვენ ახსენეთ, რომ „ბადაგონი“ გამორჩეულია აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. რას ეფუძნება ეს შეფასება?

აღმოსავლეთ ევროპის კომპანიებს შორის ღვინის წარმოების მეთოდი გამოგვარჩევს. „ბადაგონში“ ღვინის წარმოება დახურული მეთოდით მიმდინარეობს — ყურძნის მიღებიდან ბოთლის დაბეჭდვამდე ღვინოს არანაირი შეხება არა აქვს ჟანგბადთან. მოგეხსენებათ, ჟანგბადი ღვინისთვის საკმაოდ მძიმე და აგრესიულ გარემოს ქმნის და აქვს გავლენა როგორც მის ვარგისობასა და დღეგრძელობაზე, ისე მის თვისებებზეც. ამიტომაც პროცესის დახურვას ძალიან დიდი ყურადღება მიექცა.

ვიტყვი იმასაც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში „ბადაგონია“ ერთადერთი კომპანია, რომელიც წარმოებაში საერთოდ არ იყენებს რკინას. არათუ ჭურჭლის სახით, არამედ არცერთი კომპონენტის სახით — აბსოლუტურად ყველა დეტალი უჟანგავი მასალისგან არის დამზადებული.

წარმოების პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ ციფრულ საარქივო ბაზას, სადაც თითოეულ ბოთლ ღვინოსთან მიმართებით შენახულია ინფორმაცია, სად იყო მოყვანილი ყურძენი, როგორ უვლიდნენ, რა საწარმოო პროცესი გაიარა ჩვენთან და ყველა სხვა დეტალი, რომლებიც შესაძლოა, ღვინის ხარისხსა და თვისებებზე ახდენდეს გავლენას.

ბატონო გიორგი, ქართული ტრადიციული მეღვინეობის რა ელემენტებს იყენებთ ღვინის წარმოების პროცესში?

ჩვენ არათუ მხოლოდ კონკრეტულ ასპექტებს ვითვალისწინებთ ზოგადად ღვინის წარმოების პროცესში, არამედ ღვინოს სრულად ქართული ტრადიციული მეთოდით ვაწარმოებთ. კერძოდ, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში „ბადაგონი“ აწარმოებს ხუთი სახე­ობის ღვინოს. ესენი გახლავთ ქვევრის თეთრი ღვინო „ალავერდის ტრადიცია“, წითელი მშრალი ღვინო „ალავერდის ტრადიცია“, ქვევრის საფერავი, ქვევრის ხიხვი და ქვევრის ქისი. ღვინის ხსენებული ხუთი სახეობა მკაცრ მეთვალყურეობას გადის ყურძნის მოყვანის ეტაპიდან, ქვევრში ღვინის დაყენებით დასრულებული. ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, სათანადო ნედლეული რომ მიგვეღო და ტექნოლოგიას ზუსტად აესახა ქართული ღვინის წარმოებაში ათასწლეულების განმავლობაში არსებული ტრადიცია.

ძალიან გვიხარია, რომ ქართული ტრადიციული ღვინოები დღეს წარმატებული და მოთხოვნადია. ახლახან, ალავერდის მონასტრის მარანში წარმოებული ქვევრის „ხიხვი“ საფრანგეთში უმაღლესი ჯილდოთი – ორმაგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მანამდე ამ მნიშვნელობის ჯილდო 2011 წელს ასევე ჩვენ მივიღეთ. ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ალავერდის მარანში დაყენებულმა ღვინომ „ალავერდის ტრადიციამ“ ლონდონში, დეკანტერის საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრი მიიღო და მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა. რამდენიმე დღის წინ კი ცქრიალა ღვინომ, „ბადაგონი როზემ“, გერმანიაში საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი და „საქართველოდან საუკეთესო ღვინის“ წოდება მოიპოვა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს უდიდესი აღიარება იყო არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.

კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე, რა იყო ის ძირითადი გამოწვევები, რაც გზად შეგხვდათ და როგორ უმკლავდებოდით მათ?

ჩვენს მეტად ამბიციურ გეგმას, ქართული ღვინო ევროპასა და სხვა წამყვან ბაზრებზე გაგვეტანა, მრავალი გამოწვევა ახლდა თან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა თავის დროზე ქართული ღვინის ცნობადობა გახლდათ.

2006 წლისთვის ქართული ღვინის ცნობადობა წამყვან ბაზრებზე ძალიან დაბალი იყო. ეს განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ფონზე, როდესაც ქართველ მეღვინეებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება დასჭირდათ.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ფორუმებსა და გამოფენებზე. ჩვენს აქტიურობას მალე მოჰყვა აღიარებაც: წლების განმავლობაში მრავალი ჯილდო მივიღეთ. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ იმ ისტორიულ შანსს, რაც წინაპრებმა მოგვცეს ქვევრის სახით. თამამად ვიტყვი, რომ დღეს „ბადაგონი“ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კომპანიაა.

ცალკე მინდა ვისაუბრო ქვევრსა და ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარებაზე. არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვი, რომ ქვევრის ცნობადობა დიდწილად სწორედ „ბადაგონისა“ და ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სწორედ ამ სინერგიამ მოიტანა ის, რომ 2005-2006 წლებში ერთადერთი მოქმედი მარანი ალავერდში იყო, UNESCO-ს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებამდეც ყველა დასაბუთება თუ მასალა სწორედ ალავერდის მარნიდან იქნა აღებული.

მინდა ვთქვა ისიც, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. ერთეულ კერძო კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ ცნობადობის პრობლემის სრულყოფილად მოგვარება. ეს იმ ტიპის ამოცანაა, რომელზეც სახელმწიფომ და კერძო სექტორმა კონსოლიდირებულად, ერთობლივად უნდა იმუშაონ. ამ მხრივ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. მახარებს, რომ ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიით გეგმის მიხედვით და სწორი მიმართულებით იდგმება ნაბიჯები.

რა შედეგები გაქვთ დღეს?

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რომ „ბადაგონის“ ღვინო მსოფლიოს 35 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და საექსპორტო ბაზრებზე 12,000,000-ზე მეტი ბოთლი არათუ სტაბილურად, არამედ მზარდი სტატისტიკით იყიდება.

ჩვენი ბრენდი უკვე საკმაოდ ცნობილია, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება „ბადაგონის“ გეოგრაფიული დაფარვა. მეშვიდე წელია, ძალიან მნიშვნელოვან, აზიის ბაზარზე ვართ წარმოდგენილი – კერძოდ, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ამ ბაზრებზე შესვლამ ძალიან დიდი ნახტომი მოგვცა ფინანსურ შედეგებში.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია, რომ სტაბილური გაყიდვების კუთხით ძალიან მყარი ადგილი დავიმკვიდრეთ ევროპის ბაზარზე. ჩვენ გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, გვაქვს ჩვენი სადისტრიბუციო ბაზა, საიდანაც მთელ ევროპას ვამარაგებთ, თუ არ ჩავთვლით იმ ქვეყნებს, რომელთანაც პირდაპირ გვაქვს ექსპორტი, მაგალითად, პოლონეთის ბაზარს. საგულისხმოა, რომ პოლონეთში „ბადაგონი“ საკმაოდ მოთხოვნადი ბრენდია და ბევრ ოჯახში სუფრის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტიც კია.

მნიშვნელოვან შედეგებს შორის გამოვარჩევდი 2014 წელს ცქრიალა ღვინოების წარმოების დაწყებას. ათი წლის წინ შევქმენით ბრენდი „მაესტრო“, რომელიც განსაკუთრებული სიხარულით და ნდობით მიიღო ადგილობრივმა ბაზარმა.

წელს დავიწყეთ კლასიკური მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოება. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს პორტფელში სამომავლოდ ცქრიალა ღვინის წილი საკმაოდ გაიზრდება. მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე არსებული ტრენდი გვიჩვენებს, რომ შამპანურებსა და ცქრიალა ღვინოზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, მაშინ როდესაც ტრადიციული ღვინო სტაბილურ მაჩვენებელზეა.

რა სტრატეგიებს მიმართავთ ღვინის წარმოებაში ხარისხის უზრუნველსაყოფად?

ხარისხის მართვა ჩვენთვის ფუნდამენტური მიმართულებაა. „ბადაგონის“ წარმატება სწორედ რომ ხარისხის სტაბილურობამ განაპირობა. ადგილობრივ ბაზარსა და საექსპორტო ბაზრებზე ჩვენი ლიდერობა სწორედ ხარისხის მართვის სისტემამ განაპირობა, ამ შედეგს კი სოლიდური ინვესტიცია დასჭირდა როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ისე ადამიანური კაპიტალის განვითარების ნაწილში.

მთავარი მეღვინით დაწყებული, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი გახლავთ თავისი დარგის პროფესიონალი. ღვინის წარმოებაზე პასუხისმგებელ თითოეულ ადამიანს მიღებული აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული განათლება წამყვან ევროპულ მარნებსა და ლაბორატორიებში. მეტიც, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი გუნდის წევრების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ჩვენთან უკვე მუშაობენ ტურინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მეღვინეობისა და მევენახეობის მიმართულებებით.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თითოეული ბოთლის ხარისხზე პასუხისმგებელი ვართ მილიონობით მომხმარებელთან.

მდგრადობა ღვინის ინდუსტრიაში პრიორიტეტულ მიმართულებად ყალიბდება, როგორ მიიღწევა ეს „ბადაგონში“ და, ზოგადად, როგორია თქვენი ხედვა სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში?

ღვინის ბიზნესი ძალიან მოწყვლადია გეოპოლიტიკური რყევების მიმართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესუწყვეტობა გარანტირებული იყოს. ჩვენ შევძელით დანაკარგების გარეშე გაგვევლო რეგიონში მიმდინარე საომარი ვითარებები, პანდემიის პერიოდი. ჩვენს საქმიანობაზე პირდაპირი გავლენა აქვს ინფლაციას და სავალუტო დევალვაციას, ეს უარყოფითად აისახება სავალუტო შემოდინებებზე, რაც ექსპორტიდან გვაქვს. თუმცა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კრიზისული და რისკის მენეჯმენტი სწორად იმართება და ყველა მსგავსი გამოცდილებისას სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

სტაბილური ბიზნესსაქმიანობის ფონზე გვიმარტივდება სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების განხორციელება, რაც ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადგილობრივი თემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ძალიან გვეამაყება, რომ ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული მარანი და სიძველეთსაცავი სრულად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით იქნა აღდგენილი. სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ალავერდის სიძველეთსაცავი მალე მიიღებს მუზეუმის სტატუსს, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ტურისტული თვალსაზრისით.

ახლახან შედგა შეთანხმება ჩვენსა და ეპარქიას შორის და ჩვენ მართვაში გადმოგვეცა იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია. ეს გახლდათ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც შემდგომ ფინანსების უქონლობის გამო დროებით შეჩერდა, თუმცა დღეს უკვე ჩვენსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქვევრის სკოლა-აკადემია გაიხსნა. ეს ჩვენთვის დღეს ერთ- -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია და ითვალისწინებს ქვევრის ტრადიციული გზით წარმოებას, ქვევრის აშენებისა და გამოწვის სწავლებას, ტექნოლოგიურ ასპექტებს. მოგვიანებით სასწავლო პროგრამას დაემატება მევენახეობა, მეღვინეობა და სფეროსთან დაკავშირებული სხვა მიმართულებები, რაც პროფესიულ სწავლებასა და სათანადო უნარ-ჩვევების გაძლიერებას გულისხმობს. ამისთვის ყველა პირობა ადგილზე უკვე შექმნილია და უახლოეს სასწავლო წელს მსმენელებსაც მივიღებთ.

თქვენი საქმიანობა ვითარდება სტუმარმასპინძლობის მიმართულებითაც, როგორია თქვენი ხედვა ამ ნაწილში?

ღვინო და სტუმარმასპინძლობა ურთიერთდაკავშირებული კულტურული ფენომენია. ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოების იდეა „ბადაგონში“ 7 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ჩვენ თავისუფლების მოედანზე არსებული სივრცე შევიძინეთ – სწორედ აქ განვათავსეთ პირველი „ბადაგონის სახლი“, რომელიც სარესტორნო სივრცესა და სასტუმროს აერთიანებს. ადგილმდებარეობით, სამზარეულოთი და სერვისით გამორჩეული ბრენდი დღეს წარმოდგენილია სხვა ლოკაციებზეც: კახეთში, კერძოდ, ალა­ვერდის მონასტრის მიმდებარედ და შუამთაში, შუამთის მონასტრის მახლობლად.

პარალელურად ვმუშაობდით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განვითარებაზე. არქიტექტურითა და ფუნქციონალით გამორჩეული ახალი სასტუმრო კომპლექსი Alaverdi Resort-ი ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად, საპატრიარქოსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობით განვითარდა. 14 მილიონი ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, ვიზიტორები კი უნიკალური და ავთენტური სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას მიიღებენ.

უახლოეს თვეებში მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის დაწყებას ვგეგმავთ. უკვე მივიღეთ ნებართვა, ძველი შუამთის მონასტრის მახლობლად, 2 ჰექტარ ტყის მასივში განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც გამორჩეულ გამოცდილებას ჰპირდება ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს.

დაბოლოს, ბატონო გიორგი, როგორია თქვენი გრძელვადიანი ხედვა „ბადაგონის“ განვითარებაზე?

ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა, ღვინის მოხმარების კუთხით წამყვან ბაზრებზე ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა გავზარდოთ და, შესაბამისად, მკვეთრად გავზარდოთ ექსპორტიც.

ამ კუთხით ძალიან ბევრია სამუშაო. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შევცვალოთ ქართული ღვინის საფასო სეგმენტი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ წარმოვადგენთ ღვინის სამშობლოს, ეს ამბიციური გეგმა საკმაოდ რეალისტურია.

საფასო სეგმენტის ცვლილებისთვის საჭირო იქნება ისეთ წამყვან და ახალ ბაზრებზე შესვლა, როგორიცაა ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, კვიპროსი, ისრაელი და სხვა. პარალელურად უნდა გავზარდოთ მოხმარება ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ბიზნესის გაფართოების პარალელურად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ბადაგონი“ ყოველთვის დარჩეს იმ ადგილად, სადაც უნიკალური ქართული ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და, შედეგად, შესაძლებელი ხდება ისეთი მაღალი ხარისხისა და ლეგენდარული ქართული ღვინის წარმოება, რომელიც ერთ ბოთლში მოაქცევს ათასწლეულების ისტორიას.

S