გასულ კვირას ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ $200-მილიარდიანი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო გეგმა წარადგინა, რისი იმპლემენტაციაც მომდევნო წლების განმავლობაში მოხდება. ბრაზილიის პრეზიდენტის მორიგმა მცდელობამ, დაეხმაროს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების მაჩვენებლის მატებას ლათინური ამერიკის უდიდეს სახელმწიფოში, სკეპტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.
ოპოზიციისა და ადგილობრივი ანალიტიკოსების, ასევე ინვესტორების განცხადებებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ზრდის აქსელერაციის სახელითაა ცნობილი კრახისთვისაა განწირული. ამის თქმის საშუალებას კი ის იძლევა, რომ ვერცერთმა წინა მსგავსმა ინიციატივამ დღის შუქი ვერ იხილა, სანაცვლოდ კი კორუფციული სქემებისათვის ნაყოფიერი გამოდგა.
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, $200-მილიარდიანი გეგმა ახალი გზატკეცილების დაგებას, პორტების მშენებლობას, ენერგოეფექტიანობის გაზრდასა და ურბანიზაციული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
საიდან მოხდება აღნიშნული მოცულობის ინვესტიციების მობილიზება, ბრაზილიის მთავრობას ჯერჯერობით არ განუცხადებია. თუმცა, როდესაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი გეგმა 31 აგვისტოს საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესს გადაეგზავნება, აღნიშნულის შესახებ დაზუსტებები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. გეგმას კონგრესის მიერ დამტკიცება ესაჭიროება, რის შემდეგად ხარჯებს ყოველწლიურ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.
ბრაზილიის მთავრობის წევრების განცხადებით, ახალი გეგმის მიხედვით, პრიორიტეტი დაუსრულებელ პროექტებს მიენიჭება. გარდა ამისა, დიდი ინვესტიციები განხორციელდება ენერგოსექტორშიც. ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა გეზს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისაკენ აიღებს.