ამერიკელი მომღერალი და გიტარისტი ბრიუს სპრინგსტინი ოფიციალურად Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. გამოცემა სპრინგსტინის ქონების წმინდა ღირებულებას $1.1 მილიარდად აფასებს, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია მუსიკოსის თითქმის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში.
74 წლის სპრინგსტინი 20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელია. ამერიკელ მუსიკოსს 21 სტუდიური ალბომი, შვიდი „ლაივ“-ალბომი, ხუთი EP-ი და 140 მილიონამდე გაყიდული ჩანაწერი ეკუთვნის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება სპრინგსტინს, როგორც კარიერული, ასევე ფინანსური კუთხით, მისმა მეხუთე სტუდიურმა ალბომმა The River-მა მოუტანა.
2021 წელს სპრინგსტინმა თავისი ნამუშევრების ძირითად ნაწილზე უფლებები Sony-ის $500 მილიონად მიჰყიდა. შეთანხმების თანახმად, Sony-ს საკუთრებაში გადავიდა 20 სტუდიური ალბომი, მათ შორის ჰიტები, როგორიცაა Born To Run-ი, The River-ი და Born in the U.S.A.
ამას ემატება 2023 წლის მსოფლიო ტურნე, რომლის დროს 1.6 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ტურნეს ფარგლებში, სალაროებში მიღებულმა შემოსავალმა $380 მილიონს მიაღწია. სპრინგსტინის მსოფლიო ტურნე 2025 წლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს რომ საკონცერტო შოუებით ამერიკელი მუსიკოსის მიერ გამომუშავებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.