Bvlgari-მ COVID-19-ის კვლევითი სამუშაოების მხარდასაჭერად ახალი პროექტები წამოიწყო

Bvlgari-მ COVID-19-ის კვლევითი სამუშაოების მხარდასაჭერად ახალი პროექტები წამოიწყო

როქფელერის უნივერსიტეტის COVID-19-თან დაკავშირებული კვლევების მხარდასაჭერად იტალიურმა Bvlgari-მ ორი უმნიშვნელოვანესი ფონდი დაარსა: The Bvlgari Women & Science Fellowship Fund, ქალთა მკვლევარების დასახმარებლად და The Bvlgari Clinical Fund, რომელიც ინსტიტუტის თერაპიასა და ვაქცინების კლინიკურ ტესტირებებს დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-კრიზისის დაძლევაში დახმარების ინიციატივა Bvlgari-მ პანდემიის დაწყებისთანავე გამოაჩინა. კერძოდ, Bulgari ერთ-ერთი უპირველესი კომპანია იყო, რომელმაც თავისი სუნამოს მაწარმოებელი ქარხნები სადეზინფექციო სითხეების საწარმოებად აქცია. კომპანიამ იტალიის, შვეიცარიის და ევროპის სხვა საავადმყოფოებს 700,000-ზე მეტი სადეზინფექციო სითხის ბოთლი გადასცა. 

“მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაა,” – აცხადებს Bulgari-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-ქრისტოფ ბაბინი. “მართალია, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა დიდ კორპორაციებს ვერ შეედრება, თუმცა, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა საზოგადოებას დახმარება გავუწიოთ”, – დასძინა მან.

რაც შეეხება როქფელერის უნივერსიტეტს, ის ბიოსამედიცინო კვლევით ინსტიტუტთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მრავალ ჯილდოსთან და წოდებასთან ერთად, როქფელერის უნივერსიტეტს არა ერთი ნობელის პრიზიც აქვს მიღებული. ამასთან, როქფელერის ბიოსამედიცინო კვლევათა ინსტიტუტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყურადღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებასა და ვირუსისგან თავდაცვაზე გაამახვილა.

აღსანიშნავია, რომ Bvlgari-ს ფონდი Oxford-ის ჯენერის ინსტიტუტსაც ეხმარება და რომის Lazzaro Spallazani-ს ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტსაც. გარდა ამისა, კომპანიის ქალთა და მეცნიერების მხარდაჭერის ფონდი როქფელერის უნივერსიტეტის ახალგაზრდა ქალ მეცნიერებს სტიპენდიას ან გამოცდილების მისაღებად სამუშაო პოზიციას შესთავაზებს.