ჩეხეთი რუსული ნავთობის მიწოდებაზე დამოკიდებულებისგან სრულად პირველად გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ გაავრცელა.
„დაახლოებით 60 წლის შემდეგ, ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე [ნავთობზე] დასრულდა“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. მისივე თქმით, ეს დასავლეთიდან მომავალი ტრანსალპური მილსადენის (TAL) სიმძლავრის გაზრდის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. როგორც პეტრ ფიალამ აღნიშნა, ამ მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი ნაკადი ნავთობის ცენტრალურმა საცავმა უკვე მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, TAL-ის მოდერნიზებული მილსადენის დახმარებით, ჩეხეთი წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის მიღებას შეძლებს. ეს ქვეყნის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების წლიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.
TAL-ის მილსადენით ჩეხეთის მთავრობამ რუსული Druzhba-ს მილსადენზე ნაწილობრივი დამოკიდებულებაც აღმოფხვრა. ცნობისთვის, ეს მილსადენი ჩეხეთს რუსული ნავთობით თითქმის 60 წლის განმავლობაში ამარაგებდა.