ჩინეთის პრეზიდენტი 14-16 სექტემბერს ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი 14-16 სექტემბერს ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვის შემდგომ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის 14-16 სექტემბერს ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა.

სი ძინპინის ვიზიტი უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) სამიტს ემთხვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი მის ყაზახ და უზბეკ კოლეგებს, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და შავკატ მირზიოევს შეხვდება. ჩინეთის ლიდერის მოგზაურობა აზიის სახელმწიფოებთან ჩინეთის სტრატეგიულ კავშირებს უსვამს ხაზს, თანაც იმ დროს, როდესაც ურთიერთობები დასავლეთის ბევრ ქვეყანასთან დაძაბულია.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინის ცენტრალურ აზიაში შესაძლო მოგზაურობაზე გასულ თვეში, Wall Street Journal-ში დაიწერა. გამოცემის თანახმად, ჩინეთის პრეზიდენტი SCO-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გეგმავდა შეხვედრას. თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში პუტინთან შეხვედრა ნახსენები არაა.

სი ძინპინი ბოლოს ოფიციალური ვიზიტით მიანმარში, 2020 წლის იანვარში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ნოემბერში, ბალიზე გასამართ G20-ის სამიტს დაესწრებიან.

ცნობისთვის, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (SCO) რეგიონული უსაფრთხოების ბლოკია, რომელიც 2001 წელს რადიკალურ ისლამთან და სხვადასხვა ტიპის საფრთხეებთან საბრძოლველად შეიქმნა. ჯგუფი თავდაპირველად ჩინეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ოთხი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან შედგებოდა, 2017 წელს კი ბლოკს დამატებით ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდნენ.