ჩინურმა Baidu-მ პოპულარულ ჩატბოტ ChatGPT-ის კონკურენტი ERNIE Bot-ი საჯაროდ გაუშვა. პირველი შიდა წარმოების AI-აპლიკაცია ჩინეთში საჯაროდ ხელმისაწვდომი 31 აგვისტოდან იქნება, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მომხმარებელი ჩატბოტის გამოყენებას ვერ შეძლებს.
ეროვნული კომპანიების წასახალისებლად, ჩინეთის მთავრობა ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ხელისუფლების მიზანი ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევაა, როგორებიც ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI და Microsoft-ი არიან.
მიმდინარე თვეში გამოქვეყნებული გაიდლაინების მიხედვით, ჩინური გენერაციული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებმა „სოციალიზმის ძირითადი ღირებულებები“ უნდა დაიცვან და ზიანი არ უნდა მიაყენონ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ცნობისთვის, ცნობილი ამერიკული ჩატბოტი ChatGPT-ი ჩინეთში კვლავ აკრძალულია.
Baidu-ს ჩატბოტი ჯერ კიდევ მარტში გამოვიდა, თუმცა, ამ დრომდე საზოგადოებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გამხდარა. ERNIE Bot-ის გარდა, Baidu ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაციების ნაკრების გამოშვებას გეგმავს, რომელიც მომხმარებელს გენერაციული AI-ის ოთხივე ძირითადი უნარის გამოცდის საშუალებას მისცემს, ესენია: გაგება, გენერაცია, მსჯელობა და მეხსიერება.